ირაკლი კობახიძე - ვერავითარი ახალი პოლიტიკური ცენტრი ვერ შეიქმნება, ხალხი ხომ დაინახავს, რა განსხვავებაა ხაზარაძე-უსუფაშვილს, გახარიას, ჯაფარიძეს ან ხოშტარიასა და „ნაცმოძრაობას შორის, ყველა აგენტურაა
ირაკლი კობახიძე - ვერავითარი ახალი პოლიტიკური ცენტრი ვერ შეიქმნება, ხალხი ხომ დაინახავს, რა განსხვავებაა ხაზარაძე-უსუფაშვილს, გახარიას, ჯაფარიძეს ან ხოშტარიასა და „ნაცმოძრაობას შორის, ყველა აგენტურაა

ოპოზიცია აბსოლუტურად მძიმე მდგომარეობაშია, ერთადერთი, გარედან არიან ხელოვნურ სუნთქვაზე, – ამის შესახებ განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

„როგორც არ უნდა გადაჯგუფდნენ, „ნაცმოძრაობა“ „ნაცმოძრაობად“ დარჩება, „ლელო“ ისევ დარჩება „ნაცმოძრაობად“, „ნაცმოძრაობა“ – „ნაცმოძრაობად“, გახარია – „ნაცმოძრაობად“. ესეც პირობითი სახელია და კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზეა“ საუბარი. გახარია „ნაცმოძრაობას“ ეუბნებოდა, დაგასრულებთო და რამდენიმე მუნიციპალიტეტში კოალიცია შექმნა „ნაციონალებთან“. ეს ხომ უბრალოდ სირცხვილია? სინამდვილეში, იცით, რა არის? მათ აერთიანებთ ერთადერთი რამ, ისინი ერთი ძალის აგენტურა არიან. „ნაცმოძრაობა“ ხომ პირობითი სახელია და „ნაცმოძრაობა“ ხომ არ არის იმდენად აქტუალური? ისინი ყველანი არიან ერთი კონკრეტული ძალის აგენტურა“, – განაცხადა კობახიძემ.

შეკითხვაზე, ხედავს თუ არა მმართველი გუნდი ძლიერ კონკურენტს, თუ ახალი ოპოზიციური გაერთიანების სახით მესამე ცენტრი „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე შეიქმნება, ირაკლი კობახიძემ უპასუხა, რომ ჯანსაღი ცენტრის შექმნა მისასალმებელია, მაგრამ აქ საუბარია კოლექტიურ „ნაცმოძრაობაზე“.

„„ნაცმოძრაობა“ როგორ გაიყოფა ერთმანეთში, ანუ „ლელო“ ცალკე იყრის კენჭს, თუ ლევან ხაბეიშვილი, გახარია ცალკე გამოვა, თუ „ლელოსთან“ ერთად, ან ხაბეიშვილთან ერთად და ა.შ., ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თუ საუბარია ახალ პოლიტიკურ ძალაზე, მხოლოდ მისასალმებელია, მაგრამ დღეს პრობლემა არის ოლიგარქიზაცია. იმის გამო, რომ ფული და მედია არის ოპოზიციის მხარეს ოლიგარქების ხელში, კეზერაშვილის, სააკაშვილის, ხაზარაძის და ა.შ., სწორედ ამის გამო არ ეძლევათ ჯანსაღ პოლიტიკურ ძალებს წინ წამოწევის საშუალება. ეს არის პრობლემა. ვერავითარი ახალი პოლიტიკური ცენტრი ვერ შეიქმნება კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ბაზაზე. ხალხი ხომ დაინახავს, რა განსხვავებაა ხაზარაძე-უსუფაშვილსა და „ნაცმოძრაობას“, გახარიასა და „ნაცმოძრაობას“, ზურა ჯაფარიძესა და „ნაცმოძრაობას“, ან ხოშტარიასა და „ნაცმოძრაობას შორის? ეს ხომ რეალურად ერთი ქვაბია. სინამდვილეში ხომ ყველანი ერთი პარტიიდან არიან გამოჩეკილი? საბოლოო ჯამში, ყველა ერთი ხელიდან იმართება, ყველა არის აგენტურა და იქ რა ცალკე ცენტრი უნდა შეიქმნას შიდა გადაჯგუფებით, ხალხი ხომ არ მოტყუვდება?“ – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის თქმით, აღნიშნული პარტიები ქვეყნის შიგნით ბოლომდე არიან გაცამტვერებული, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 20%-ს ქვემოთ არის ჩამოსული და არცერთ სხვა პარტიას 5%-ზე მეტი რეიტინგი არ აქვს.

„ეს ყველაფერი თვითონ განაპირობეს. როცა აგენტი ხარ, საბოლოო ჯამში, ამას საზოგადოება ხედავს, ან გრძნობს და ამის შედეგია ის, რომ მათი საერთო რეიტინგი ლამის 40%-ს არის ჩამოცდენილი“, – განაცხადა კობახიძემ.

კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ ხაზარაძე იყო „ნაცმოძრაობის“ რეკეტის ერთ-ერთი მთავარი სუბიექტი.

„მას პირდაპირ ჰქონდა ჩართული თავისი ბიზნესრესურსები ბიზნესის რეკეტში და როგორ შეიძლება, რამე განსხვავება იყოს „ნაცმოძრაობასა“ და ხაზარაძეს ან უსუფაშვილს შორის, რომელიც თავის დროზე, აფარებული იყო „ნაცმოძრაობაზე“, როგორც ფიქტიური ოპოზიცია? უსუფაშვილი კომპარტიის წევრი გახდა 9 აპრილის შემდეგ და ახლა ეს კაცი გველაპარაკება მაღალ მატერიებზე. ის კოალიციური ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო, რადგან ხუთი პარტია იყო გაერთიანებული და სწორედ იმის გამო, რომ უსუფაშვილის ადგილი არ იყო „ქართულ ოცნებაში“, მას მოუწია კოალიციის დატოვება და „ქართული ოცნება“ დამოუკიდებლად გავიდა არჩევნებზე. ეს გადაწყდა 2016 წლის დასაწყისში. უსუფაშვილი დამსახურებული და დასაფასებელი კაცი რომ ყოფილიყო, ის ბიძინა ივანიშვილმა მესამე ლიგიდან უმაღლეს ლიგაში ამოიყვანა, მაგრამ იმის გამო, რომ უმაღლეს ლიგაში სათამაშოდ მზად არ აღმოჩნდა, ისევ მესმე ლიგაში მოუწია დაბრუნება. ეს არის რეალურად უსუფაშვილი. თეიმურაზ ხევისთავი არ შეიძლება, თამაშობდეს უმაღლეს ლიგაში“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, „რესპუბლიკური პარტია“ აგენტურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.

„ყველას ახსოვს, 7 ნოემბერს როგორ გამოვარდნენ და მერე როგორ გაქრნენ ყველაფრიდან და ა.შ. ნახევარპროცენტიან პარტიაზე საერთოდ არ მინდა ლაპარაკი. უსუფაშვილი როცა წამოვიდა „რესპუბლიკური პარტიიდან“, მაშინაც ნახევარი პროცენტი ჰქონდათ მხარდაჭერა, მაგრამ საერთოდ არ არის საინტერესო „რესპუბლიკური პარტია“, რომელიც აგენტურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია“, – განაცხადა კობახიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ გაკეთდა არჩევანი 2011 წელს, მათ შორის, „რესპუბლიკურ პარტიაზე“, თუ ის აგენტურის ნაწილი იყო, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მაშინ ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ჭკვიანურად იმოქმედა, როგორც 2012 წელს, ისე 2016-ში.

„მას ჰქონდა მართლაც საოცარი ჭადრაკისებური გათვლები, როგორც 2011-2012 წლებში, ისე 2016 წელს და ყველაფერი დაალაგა ისე, როგორც ეს ქვეყანას სჭირდებოდა. ამის შედეგი იყო თავის დროზე უსუფაშვილის პარლამენტის თავმჯდომარეობა და ამის შედეგი იყო ისიც, რომ ოთხ წელიწადში მას მოუწია კოალიციიდან წასვლა. ეს იყო ჭადრაკისებური გათვლების შედეგი, რაც ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს“, – განაცხადა კობახიძემ.

თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, როგორ აისახება „ქართული ოცნების“ იმიჯზე ყოფილი თანაგუნდელების მიმართ მსგავსი განცხადებები, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შეიძლება, უარყოფითად აისახოს, რომ მმართველ პარტიაში წლების განმავლობაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც შემდეგ აგენტურულ საქმიანობაში ჩაერთნენ ან მანამდეც იყვნენ ჩართული, მაგრამ „ქართულ ოცნებაში“ დღეს განსხვავებული ვითარებაა.

„დღეს ჩვენი გუნდი არის ძლიერი, ერთიანი და სუფთა, როგორც არასდროს. ჩვენ კომპრომისებზეც გვიწევდა წასვლა და ამიტომ იყვნენ, მათ შორის, ეს აგენტები ჩვენს პოლიტიკურ გუნდში, მაგრამ დღეს აღარ მივდივართ, აღარ გვიწევს ამ კომპრომისებზე წასვლა. წარსულში იყო პრობლემები და ამ პრობლემებსაც კონკრეტული ობიექტური მიზეზები ჰქონდა, მაგრამ დღეს ჩვენი გუნდი არის სუფთა, ერთიანი და ძლიერი, როგორც არასდროს. სუფთაში ვგულისხმობ პირველ რიგში იმას, რომ აგენტურისგან მაქსიმალურად გავათავისუფლეთ ჩვენი გუნდი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.