ირაკლი კობახიძე - ვერავითარ შემთხვევაში ვერ განვიხილავთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ სასამართლოსთან დაკავშირებით კომისიის შექმნას, ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ
მეორედ ვერ დავუშვებთ, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან განხორციელდეს თუნდაც მინიმალური დოზით წარმატებული შეტევა დამოუკიდებელ სასამართლოზე, კვლავაც გვექნება პრინციპული პოზიცია ნებისმიერი ასეთი მცდელობის მიმართ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებენ, რათა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სასამართლოსთან დაკავშირებით არ შექმნას საგამოძიებო კომისია და ეს არის პრინციპული პოზიცია.
„ჩვენ განვახორციელეთ კონკრეტული პოლიტიკური აქტი. ეს იყო მხარდაჭერის აქტი სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართ და ეს იყო სოლიდარობის აქტი ყველა კეთილსინდისიერი ქართველი მოსამართლის მიმართ. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზი. საქართველოში ერთხელ უკვე ვიხილეთ ვითარება, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ უტევდა სასამართლო სისტემას, მათ მოიპოვეს გადამწყვეტი კონტროლი სასამართლო ხელისუფლებაზე და კარგად გვახსოვს, როგორ დასრულდა ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეებისთვის. ჩვენ მეორედ ვერ დავუშვებთ, რომ განხორციელდეს თუნდაც მინიმალური დოზით წარმატებული შეტევა დამოუკიდებელ სასამართლოზე კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. აქედან გამომდინარე, ჩვენ კვლავაც გვექნება პრინციპული პოზიცია ნებისმიერი ასეთი მცდელობის მიმართ. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა პოზიცია ბოლომდე გავიტანოთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სასამართლოსთან დაკავშირებით არ შექმნას კომისია. ეს არის პრინციპული პოზიცია ჩვენი მხრიდან. „ნაცმოძრაობა“ არის სისხლიანი, კრიმინალური პოლიტიკური პარტია, რომელმაც შექმნა სისხლიანი სასამართლო სისტემა. ამ სისტემამ 9 წლის განმავლობაში შეიწირა უამრავი ადამიანის სიცოცხლე.
ეს კონკრეტული ადამიანები ვერ ეგუებიან, რომ მათ დაკარგეს კონტროლი სასამართლო სისტემაზე. ვგულისხმობ კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“. რა თქმა უნდა, საქართველოში არავინ დაუშვებს, რომ, თუნდაც მინიმალური დოზით, აღდგეს „ნაციონალური მოძრაობის“ კონტროლი სასამართლოზე. ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი. ჩვენ ვართ პასუხისმგებელი სასამართლოს დამოუკიდებლობის დაცვაზე, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების დაცვაზე და ბოლომდე ამ ინტერესების მიხედვით ვიმოქმედებთ.
ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით განვიხილოთ საგამოძიებო კომისიის შექმნა, მაგრამ ვერავითარ შემთხვევაში ვერ განვიხილავთ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ კომისიის შექმნას სასამართლოსთან დაკავშირებით. ვირს კრიალოსანზე კომისიას არ შევაქმნევინებთ. ეს არის ჩვენი პრინციპული პოლიტიკური პოზიცია“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
კვორუმის არარსებობის გამო სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე კენჭისყრა ვერ შედგა.