ირაკლი კობახიძე - ვერ მოვისმინეთ საკმარისი არგუმენტები, რომლებიც "მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებების მიზანშეუწონლობას დაასაბუთებდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “მაუწყებლობის შესახებ” კანონზე მედიის წარმომადგენლებს ხვდება.
როგორც ირაკლი კობახიძემ შეხვედრის დასაწყისში აღნიშნა, კანონპროექტს პრეზიდენტმა დაადო ვეტო და საპარლამენტო უმრავლესობის თვითმიზანი არ არის ვეტოს გადალახვა.
“ჩვენი ამოცანაა, რომ მივიღოთ დახვეწილი კანონი, რომელიც მოაწესრიგებს საქართველოში მაუწყებლობის საკითხებს, მათ შორის კონკრეტულად საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხებს. მოკლედ შევეხები დისკუსიას, რომელიც გაიმართა პარლამენტში, იყო აზრთა სხვადასხვაობა კომიტეტებში, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი ამ კანონპროექტის წინააღმდეგი გამოვიდა. ჩვენ ვთხოვეთ არგუმენტების წარმოდგენა კოლეგებს, საბოლოო ჯამში ამ არგუმენტების გაცვლის საფუძველზე, პარლამენტმა, უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება. მე ვიყავი ერთ-ერთი დეპუტატი, რომელმაც მხარი დავუჭირე კანონპროექტს”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, არის კანონპროექტები, რომელთა ამა თუ იმ სახით მიღება, პირდაპირ ასახვას პოვებს ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიების პოზიციებზე.
“შეიძლება მიიღო გარკვეული კანონი, რომელიც დადებითად აისახება მმართველი პარტიის პოზიციებზე, უარყოფითად ოპოზიციაზე ან პირიქით. ეს არ არის ეს შემთხვევა, პოლიტიკური ეფექტი ამ კანონს არ აქვს. ამ კანონის მიღებით, ან არ მიღების მმართველი პარტია თავის პოზიციას ვერ გაიუმჯობესებს, ვერც დაისუსტებს. შესაბამისად, პოლიტიკური კონტექსტიდან არის გამოცლილი ეს დისკუსია და ასეთი სახით წარიმართა კიდეც საქართველოს პარლამენტში ეს დისკუსია. ჩვენ რომ არ გადავლახოთ ვეტო, ამით არც არაფერი გვემატება, არც არაფერი დააკლდება მმართველ პარტიას, ისევე როგორც საპირისპიროს. პოლიტიკური ფონი ამ კანონპროექტს არ აქვს, თუმცა პოლიტიზებული გახდა დისკუსია. მთავარი რასაც აღვნიშნავ არის ის, რომ სუბიექტური პოლიტიკური ინტერესი არავითარი ამ კანონპროექტის მიმართ არ აქვს. ჩვენ ვთხოვეთ კოლეგებს, რომლებიც ოპონირებას უწევდნენ კანონპროექტს, წარმოედგინათ არგუმენტები, საუბარი იყო როგორც ოპოზიციაზე, ასევე “ქართული ოცნების” წარმომადგენლებზე. ვთხოვეთ არგუმენტების წარმოდგენა და საბოლოო ჯამში, პირადად ჩემი და ჩემი კოლეგების გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ის, რომ საკმარისი არგუმენტები ჩვენ ვერ მოვისმინეთ, რომელიც დაასაბუთებდა ამ კანონპროექტის მიზანშეუწონლობას, ეს იყო ჩვენი პოზიცია”, – აღნიშნა კობახიძემ.
მისივე თქმით, საკითხი არ არის დახურული, ამ საკითხზე გრძელდება მსჯელობა.
“ჩვენთვის თვითმიზანი არ არის ვეტოს გადალახვა, ჩვენ გვინდა, კიდევ ერთხელ ვიმსჯელოთ, რა პლუსებს და მინუსებს ვხედავთ ამ კანონში, რათა შევძლოთ გადაწყვეტილების მიღება ამ კანონთან დაკავშირებით”, – აღნიშნა კობახიძემ.