ირაკლი კობახიძე - ვერ დაამტკიცეს არჩევნების გაყალბება და პრაქტიკულად, იქით ვეხვეწებით პარლამენტში შემოსვლას, თან როგორ პარტიებს, რომლებიც გამოირჩევიან დანაშაულებრივი წარსულით
იმ მონახაზში არის არაერთი პუნქტი, რომელზეც ვსაუბრობთ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და ერთადერთი ვალდებულება, რომელსაც იღებს ამ შეთანხმებაში ოპოზიცია, არის მათი შემოსვლა პარლამენტში, ანუ ვერ დაამტკიცეს არჩევნების გაყალბება და პრაქტიკულად, იქით ვეხვეწებით პარლამენტში შემოსვლას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„რაც შეეხება პროტესტს, რომელიც იმართება, ბუნებრივია, ისინი არიან პარტიის აქტივისტები და რა თქმა უნდა, ისინი მოქმედებენ იმ დირექტივების შესაბამისად, რომლებიც არის გამოხატული მათი პარტიების პოზიციებში. როდესაც მათი პარტია ამტკიცებს იმას, რომ საქართველოში გაყალბდა არჩევნები და თითქოს საქართველოში არიან პოლიტპატიმრები, ბუნებრივია, ეს იწვევს საბოლოო ჯამში მათი აქტივისტების პროტესტს და ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი მოვლენა, ეს არის დემოკრატია და რა თქმა უნდა, ნებისმიერი პარტიის წარმომადგენელს, აქტივისტებს შეუძლიათ, გამოხატონ საკუთარი პროტესტი ამ ქვეყანაში. ეს უფლება არის საქართველოში სათანადოდ უზრუნველყოფილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ოპოზიციამ ვერ დაამტკიცა, რომ არჩევნები გაყალბდა.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არის არაერთი პუნქტი იმ მონახაზში, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად და ერთადერთი ვალდებულება, რომელსაც იღებს ამ შეთანხმებაში ოპოზიცია, ეს არის მათი შემოსვლა პარლამენტში. ანუ ვერ დაამტკიცეს არჩევნების გაყალბება და პრაქტიკულად იქით ვეხვეწებით პარლამენტში შემოსვლას, თან როგორ პარტიებს, პარტიებს, რომლებიც გამოირჩევიან საკუთარი დანაშაულებრივი წარსულით. რომ ჩამოვთვალოთ კიდევ ერთხელ, „ნაცმოძრაობა“ თვითონ იყო რეჟიმის სათავეში, „ევროპული საქართველო“ არის მისი განშტოება, „სტრატეგია აღმაშენებელი“ არის მისი განშტოება, „გირჩი“ არის მისი განშტოება და ა.შ. ეს ყველა არის ერთი პარტიის სხვადასხვა განშტოება, რომელსაც აქვს დანაშაულებრივი წარსული და ბუნებრივია, აქედანაც გამომდინარეობს მათი ეს პოზიციები. სწორედ ამიტომ ამტკიცებენ სიყალბეს, მაგალითად, არჩევნები თითქოს გაყალბდა, პოლიტპატიმრები თითქოს არსებობენ, რომ ამით, მათ შორის, ბუნებრივია, სურთ გადაფარონ საკუთარი დანაშაულებრივი წარსული. „ლელო“ დამავიწყდა, ისიც იყო ერთგვარი განშტოება „ნაცმოძრაობის“, რადგან ერთად არეკეტებდნენ თავის დროზე ბიზნესს. ეს არის ერთი პოლიტიკური ძალა. მათ აქვთ საკუთარი დანაშაულებრივი წარსული, ამიტომ უჭირთ, ბუნებრივია, მოქმედება ისე, როგორც ეს შეესაბამება სახელმწიფოს ინტერესებს. თუმცა, ჩვენი ამოცანა არის ის, რომ თუნდაც ასეთ პოლიტიკურ პარტიებთან მივაღწიოთ შეთანხმებას, რათა საბოლოო ჯამში შედგეს მრავალპარტიული პარლამენტი, რაც იქნება 8 მარტის შეთანხმების შედეგი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.