ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა
ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი საქართველოში ვიზიტად მყოფ ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე სასამართლო რეფორმის, საპროკურორო საბჭოსა და „პროკურატურის შესახებ“ კანონპროექტზე ისაუბრეს.

ცვლილებების შესახებ რეკომენდაციას ვენეციის კომისია დეკემბერში შეიმუშავებს.

„ვენეციის კომისია, როგორც ჩვენი ძალიან კარგი პარტნიორი, მნიშვნელოვან მხარდაჭერას გვიწევს სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების დროს. ამჯერად, ისინი დაინტერესებულები არიან საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესახებ კანონმდებლობით. საკმაოდ კარგი შეხვედრა ჰქონდათ პარლამენტის თავმჯდომარესთან, სადაც ვისაუბრეთ საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების საკითხზე და ასევე, სასამართლო რეფორმის კუთხით ქვეყანაში არსებულ გეგმებზე.  წლის ბოლოს ველოდებით მათ მოსაზრებას.  დარწმუნებული ვარ, რომ სასარგებლო და საინტერესო რეკომენდაციები იქნება და ჩვენ, როგორც ყოველთვის, გულისყურით და ინტერესით მოვუსმენთ მათ რეკომენდაციებს და გავითვალისწინებთ“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თამარ ჩუგოშვილმა.

„ჩვენ საქართველოში ვიმყოფებით, რათა განვიხილოთ დებულებები საპროკურორო საბჭოს შესახებ და “პროკურატურის შესახებ” ახალი კანონის პროექტი, ასევე დებულებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესახებ, რომელსაც მოიცავს კანონი საერთო სასამართლოების შესახებ. ამ დებულებების შესახებ რეკომენდაციას დეკემბერში შევიმუშავებთ“,- განაცხადა დელეგაციის წევრმა, ტანია გერვიენმა.

ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა შეხვედრები საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სახალხო დამცველთან და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან გამართეს.