ირაკლი კობახიძე - ვენეციის კომისიის დასკვნაში ასახულია ის პროგრესი, რომელიც განხორციელდა სწორედ მათი რეკომენდაციების შესაბამისად
ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნაში ასახულია ის პროგრესი, რომელიც განხორციელდა სწორედ მათი რეკომენდაციების შესაბამისად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მეცხრე მოწვევის პარლამენტისთვის „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვანი იყო.
„ჩვენც გამოვთქვით თავის დროზე მწუხარება, რომ არ ჩამოუსწრო დროულად ვენეციის კომისიის დასკვნამ. ისინი საუბრობდნენ იმაზე, რომ ერთ კვირაში შეეძლოთ დასკვნის მომზადება, თუმცა საბოლოო ჯამში, ვერ მოახერხეს ამის გაკეთება. ავუხსენით ჩვენს პარტნიორებს, რა თქმა უნდა, ვენეციის კომისიას, რომ მეცხრე მოწვევის პარლამენტი ამთავრებდა მუშაობას იმ დღეს, რომელ დღესაც დაამთავრა. აქედან გამომდინარე, სხვა შანსი, რომ ამ მოწვევის პარლამენტს მიეღო ეს კანონი, არ არსებობდა. მოცემული კანონის მიღება ამ მოწვევის პარლამენტის მიერ იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, რომ სათანადოდ გაგრძელდეს პროცესები სასამართლო სისტემაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. ვენეციის კომისიის დასკვნაში ასახულია პროგრესი, რომელიც განხორციელდა სწორედ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. იყო სამი ფუნდამენტური რეკომენდაცია და სამივე არის სათანადოდ ასახული ჩვენ მიერ მიღებულ კანონპროექტში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ვენეციის კომისიამ საქართველოს „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა.