ირაკლი კობახიძე - ველოდებოდი სინანულს, რომ 50 ბავშვი დატოვეს ვიზის გარეშე, თუმცა აღმოჩნდა განსხვავებული რეაქცია, აშშ-ის ელჩი რომ ვიყო, საკონსულოს საქმიანობით დავინტერესდებოდი
სიმართლე გითხრათ, ველოდებოდი შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ 50 ბავშვი ყოველგვარი მიზეზის გარეშე დატოვეს საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმებული იყო გასტროლები, – ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ანსამბლ „მართვესთან“ დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას.
კობახიძის თქმით, 50 ბავშვის საქართველოში დატოვება ვერანაირი ტექნიკური მიზეზით ვერ გამართლდება.
„ვერავითარი ტექნიკური მიზეზით ვერ გამართლდება ის, რომ 3 თვეში არის გასტროლები და 50 ბავშვს ტოვებ საქართველოში. ველოდებოდი, რომ მოიკითხავდა საკონსულოში, რატომ მოხდა, როგორ მოხდა, სინანული, გულის ტკივილი ამასთან დაკავშირებით, თუმცა არ ვიცი, კონკრეტული ტელევიზიის მიმართ ბრალდებაც გაისმა ამის შესახებ. ტექნიკური ვერ იქნება მიზეზი, ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ სამ თვეში როცაა დაგეგმილი გასტროლები, ნებისმიერ საკონსულოს შეუძლია ვიზების მოგვარება. მაგალითად, ვიღაცების წაყვანა რომ უნდათ ხოლმე, სწრაფად, ორ დღეშიც კეთდება ხოლმე ვიზები, მარტივი მოცემულობაა ნებისმიერ საკონსულოში, მათ შორის ამ საკონსულოშიც. ველოდებოდი სინანულს, თუმცა აღმოჩნდა, რომ განსხვავებული რეაქცია იყო ამ შემთხვევაში, რაც ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, აშშ-ის ელჩის ადგილას, საკონსულოს საქმიანობით დაინტერესდებოდა.
„არ ვიცი ეს თქვა თუ არა, მაგრამ თუ თქვა, გამოდის, მოატყუეს, რადგან სინამდვილეში საბუთებამდე არც მივიდა საქმე, ივლისში იმართებოდა „მართვეს“ გასტროლები, გასტროლებამდე დრო საკაოდ დიდი, სამ თვეზე მეტი იყო, ერთიანად შეჰქონდათ ხოლმე საბუთები, რაც არის სტანდარტული წესი. ყოველთვის ასე აკეთებდა ანსამბლი „მართვე“ და გასცემდა საკონსულო ვიზებს, ვადებიც სათანადოდ იყო დაცული.
ამ შემთხვევაში უთხრეს, რომ მიიღებდნენ ამ საბუთებს, გადაუხვიეს საკუთარ პრაქტიკას არა ერთიანად, არამედ ინდივივიდუალურად, თითოეული ბავშვის მხრიდან. როცა დაისვა კითხვა, რა დრო დასჭირდებოდა ამ ყველაფერს, ვადები დაუკონკრეტეს, ზოგ შემთხვევაში სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, იანვარიც კი უწევდა, ანუ გასტროლებს მიღმა. ეს იყო რეალობა. 37 პროცენტი რატომ არის საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის მაჩვენებელი, როცა ეს მაჩვენებელი აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთის, რუსეთისთვის შარშანწინ მაგალითად, 63-დან 88 პროცენტამდე მერყეობდა, ამის ახსნა ხომ არ არსებობს. მე რომ აშშ-ის ელჩი ვიყო, დავინტერესდებოდი საკონსულოს საქმიანობით.
მგონია, რომ შემდეგი ელჩი ამას გააკეთებს, დაინტერესდება საკონსულოს საქმიანობით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის მაჩვენებელი რატომ არის 37 პროცენტზე, განაცხადებიდან ამდენი რატომ არ არის დაკმაყოფილებული, ხსენებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 63-დან 88 პროცენტამდე მერყეობს.
მგონია, რომ შედეგი ელჩი ჩვენი მოქალაქეების მიმართ ერთგვარი დისკრიმინაციული და უსამართლო მიდგომით დაინტერესდებდა და ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს. თუ საუბარია პარტნიორობაზე, საკონსულოს მხრიდან ასეთი მიდგომა უნდა გამოსწორდეს. რა შუაშია მოქალაქეები უნდა დაისაჯონ რაღაცისთვის? ეს ხომ უცნაურია, ეს არის შარშანწინდელი სტატისტიკა, ეს არ არის სტატისტიკა, რომელიც უკავშირდება უკრაინაში ომის შემდგომ პერიოდს. რატომ არის 37 პროცენტი, 30 წელი გავიდა პარტნიორობიდან, ვიზების გაცემის კუთხით ყველაზე უხეში მიდგომა არის საქართველოს მოქალაქეების მიმართ. 30 წელი გავიდა ურთიერთობების დაწყებიდან, პირდაპირი ფრენები არ დაწესდა, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას არ მოეწერა ხელი, 30 წელია გასული, რა უნდა ერთის, მეორის ან მესამის მოგვარებას. მგონია, რომ შემდეგი ელჩი აუცილებლად უნდა დაინტერესდეს ამ საკითხებით და უნდა მოგვარდეს სამივე პრობლემა. ეს არის პირდაპირი ფრენები, სავიზო რეჟიმის გამარტივება ჩვენი მოქალაქეებისთვის, შემდეგი ელჩი იმედია, იზრუნებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შემოღებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
აღნიშნულ საკითხზე საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა დღეს განაცხადა: „ზოგჯერ ადამიანებს სურთ, იფიქრონ, რომ მათ განსაკუთრებულად უნდა მოექცნენ და არ არის საჭირო ყველა ნაბიჯის გავლა, თუ იცავენ ჩვენს წესებს და რჩევებს, ჩვეულებრივ იღებენ ვიზას“.