ირაკლი კობახიძე - ვითხოვთ კონკრეტულ ფაქტებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, როგორც კი გვექნება ფაქტები, იქნება მყისიერი რეაგირება
ირაკლი კობახიძე - ვითხოვთ კონკრეტულ ფაქტებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, როგორც კი გვექნება ფაქტები, იქნება მყისიერი რეაგირება

ველოდებით კონკრეტულ ფაქტებს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, როგორც კი გვექნება ფაქტები, იქნება მყისიერი რეაგირება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) წინასაარჩევნო მონიტორინგის მეორე შუალედურ ანგარიშს გამოეხმაურა.

კობახიძის შეფასებით, რამდენიმე ინციდენტი დაფიქსირდა, თუმცა მთლიანობაში მშვიდი საარჩევნო გარემოს შენარჩუნება მოხერხდა.

„დაგვისახელონ კონკრეტული ფაქტები როგორც ერთი, ისე მეორე მიმართულებით. თუ საუბარია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ველოდებით კონკრეტულ ფაქტებს. როგორც კი გვექნება კონკრეტული ფაქტები, ჩვენი მხრიდან მაშინვე მყისიერი რეაგირება იქნება. მუდმივ რეჟიმში გვესმის ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. ჩვენ ვითხოვთ ფაქტებს, ფაქტებს არ გვაწვდიან. გახსოვთ, რომ სამწუხაროდ წინა არჩევნებზე ადგილობრივმა დამკვირვებლებმა გაავრცელეს ფეიკნიუსი პირადობის მოწმობების დაბეჭდვასთან დაკავშირებით.

შემდეგ ბოდიში არ მოუხდიათ, მაგრამ აღიარეს ეს ფეიკნიუსი. ხშირად ხდება, ადგილობრივი დამკვირვებლები ავრცელებენ გარკვეულ ინფორმაციას, რომ არ არსებობს არც მტკიცებულება, არც ფაქტი და ფაქტი თუ არ არის, მტკიცებულება ვერ იქნება. რაც შეეხება ძალადობას, იყო რამდენიმე ინციდენტი. თქვენ იცით, რომ განსაკუთრებით სამართალდამცველების მყისიერი ჩართვის საფუძველზე და საშუალებით, მოხერხდა ასეთი ინციდენტების პრევენცია. მთლიანობაში, ჩვენ მოვახერხეთ მშვიდი და მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.