ირაკლი კობახიძე - ვეცდები, ვეტოს პროცედურის დაწყებამდე ადგილზე გავეცნო პროცესებს, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარეობს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ეცდება, “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტის ვეტოს პროცედურის დაწყებამდე ადგილზე გაეცნოს პროცესებს, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარეობს.
ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტზე იმსჯელეს.
“გადავცემ დეპუტატებს ვასილ მაღლაფერიძის შეთავაზებას და მეც პირადად ვეცდები, რომ ადგილზე გავეცნო პროცესებს, რომელიც წარიმართება საზოგადოებრივ მაუწყებელში, გამომდინარე იმ მაღალი პოლიტიკური ინტერესიდან და სოციალური ფონიდან, რომელიც უძღვის ამ კანონპროექტის განხილვას. ვეცდებით, ეს გავაკეთოთ კანონპროექტის ვეტოს პროცედურის დაწყებამდე. ამასთან დაკავშირებით კონსულტაციებს გავივლი დეპუტატებთან, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ასევე ოპოზიციის წევრებთან. ეს არის საერთო სურათი. გაგრძელდება დისკუსიები და ამის საფუძველზე საპარლამენტო უმრავლესობა მიიღებს გადაწყვეტილებას, რის შესახებაც ბუნებრივია, თითოეული თქვენგანი შეიტყობს”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, “მაუწყებლობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით მსჯელობა გაგრძელდება.
„გაგრძელდება მსჯელობა ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. კონკრეტულად ვეტოსთან დაკავშირებით. საპარლამენტო უმრავლესობა მიიღებს გადაწყვეტილებას და ამის შემდეგაც უნდა გაგრძელდეს დისკუსია ზოგადად საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით, მათ შორის, აჭარის მიმართულებით და უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომელიც უზრუნველყოფს თანხების საბიუჯეტო რესურსების მაქსიმალურად მიზნობრივად მიმართვას. ეს არის ჩვენი საერთო ინტერესი და საერთო მიზანი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძე დეპუტატებს და მედიის წარმომადგენლებს შესთავაზა, მაუწყებელში არსებულ ვითარებას უშუალოდ ტელევიზიაში გაეცნონ.