ირაკლი კობახიძე ვატიკანის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვატიკანის სახელმწიფოებთან ურთიერთობების მდივანს, პოლ რიჩარდ გალაჰერს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელობასა და ქართულ ისტორიასა და კულტურაში კათოლიკური თემის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრეს.
თავის მხრივ, გალაჰერმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს, როგორც უძველესი ქრისტიანული ქვეყნის მნიშვნელობა ევროპული კულტურისთვის.
ასევე, ყურადღება გამახვილდა საქართველოს დასავლურ მისწრაფებებზე. ვატიკანის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, კათოლიკური ეკლესია მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.
საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და არსებულ გამოწვევებს. მხარეებმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობები მიმოიხილეს და იმ პრაგმატულ პოლიტიკაზე ისაუბრეს, რომელსაც საქართველო რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში ახორციელებს.
ხაზგასმით აღინიშნა პარლამენტის, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოს განსაკუთრებული როლი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში.
შეხვედრის დასასრულს, პოლ რიჩარდ გალაჰერმა პარლამენტის თავმჯდომარეს წმინდა საყდრისა და საქართველოს კათოლიკური თემის მხრიდან ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და დასავლური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა.