ირაკლი კობახიძე ვაშინგტონში გერმანიის მარშალის ფონდის ექსპერტებს შეხვდა
ირაკლი კობახიძე ვაშინგტონში გერმანიის მარშალის ფონდის ექსპერტებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი გერმანიის მარშალის ფონდის (GMF) წარმომადგენლებთან შეხვედრით დაიწყო.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფონდის მთავარ ექსპერტებთან – ლორა როზენბერგერთან, დევიდ სალვოსთან, ჯეიმი ფლაისთან, ჯონათან კატცთან და სტივენ კილისთან გამართულ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემები საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები და საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობა იყო.

„პარლამენტის თავმჯდომარემ ექსპერტებს საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, მათ შორის, საკონსტიტუციო რეფორმა გააცნო. ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგის შესახებ ისაუბრა.

მხარეებმა ასოცირების განხორციელების მიმდინარეობაზე იმსჯელეს და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი განიხილეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ“,- აცხადებენ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურში.