ირაკლი კობახიძე ვარაუდობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კანონპროექტის განხილვა და კენჭისყრა 29 ივნისს დასრულდება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის ვარაუდით, საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით, მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო განხილვა 21 ივნისს დაიწყება, ცვლილებების სამი მოსმენით განხილვა და კენჭისყრა 29 ივნისს დასრულდება.
როგორც საქართველოს პირველ არხს კობახიძემ განუცხადა, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვასთან დაკავშირებით ორი შეხვედრა გაიმართება და ეს იქნება სატელევიზიო ფორმატი.
„საზოგადოებრივი მაუწყებლისა და აჭარის ტელევიზიის საშუალებით წარვადგენთ საკონსტიტუციო ცვლილებებს და მის შინაარსს. მაყურებლის კითხვებს მოვისმენთ და პასუხებს გავცემთ. ამის შემდეგ იმის საშუალება გვექნება, რომ საპარლამენტო განხილვაზე გადავიდეთ, რომელიც სავარაუდოდ, 21 ივნისს დაიწყება. ანუ, 21 ივნისს შედგება სავარაუდოდ პირველი მოსმენა და კენჭი ეყრება კანონპროექტს. სავარაუდოდ, 29 ივნისს სამი მოსმენით დავასრულებთ კანონპროექტის განხილვას და კენჭისყრას. ორი ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ საყოველთაო-სახალხო განხილვაში არ ჩაერთვება, ვნახოთ, მათი პოზიცია როგორ იქნება”, – აღნიშნავს დეპუტატი.
კობახიძე ყურადღებას საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მონაწილეობაზეც ამახვილებს და ამბობს, რომ ალბათ, მათი მხარდაჭერის გარეშეც შესაძლებელი იქნება ცვლილებების მიღება იქედან გამომდინარე, რომ 117-მა დეპუტატმა უკვე დაადასტურა ინიციატივის მხარდაჭერა.
„ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობით ვიმოქმედებთ 8 მარტის შეთანხმებიდან გამომდინარე. ჩვენთვის მიუღებელია, რომ პატიმრებისა და სასამართლოს საკითხი ხდება კვლავ პოლიტიკური სპეკულაციების საგანი, ამაზე გვაქვს შესაბამისი რეაქცია. რაც შეეხება კანონპროექტის მიღებას, ვფიქრობთ, რომ მათი მხარდაჭერის გარეშეც, ალბათ, შესაძლებელი იქნება, კანონის მიღება იქედან გამომდინარე, რომ 117-მა დეპუტატმა უკვე დაადასტურა მხარდაჭერა. იცით, რომ 113 ხმა სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას. მაღალი ალბათობით მაინც გავა საკონსტიტუციო ცვლილებები, თუმცა ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებთ, რომ იმოქმედონ იმ პასუხისმგებლობით, რომელიც მათ 8 მარტის შეთანხმებით აიღეს. თუ მხარს არ დაუჭერენ, ეს იქნება ოპოზიციის პასუხისმგებლობა და ეს კიდევ უფრო შეარყევს იმ ნდობას, რომელიც მათ შერყეული აქვთ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ. აქედან გამომდინარე, ამ ცვლილებების მხარდაჭერა მათთვის არის უკეთესი. ჩვენ ეს არც არც არაფერს შეგვმატებს და არც არაფერს დაგვაკლებს. მათ უნდა იმოქმედონ საკუთარი პასუხისმგებლობით”, – განაცხადა კობახიძემ.
8 მარტს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმებით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 120/30 საარჩევნო სისტემით უნდა ჩატარდეს.