ირაკლი კობახიძე - ვაკეთებთ აბსოლუტურად ყველაფერს, რათა საქართველომ დეკემბერში მიიღოს კანდიდატის სტატუსი და გაგრძელდეს შეუფერხებელი წინსვლა ევროპისკენ, ეს არის ჩვენი არჩევანი
ჩვენ ვაკეთებთ აბსოლუტურად ყველაფერს, რათა საქართველომ დეკემბერში მიიღოს კანდიდატის სტატუსი და გაგრძელდეს შეუფერხებელი წინსვლა ევროპისკენ, ეს არის ჩვენი არჩევანი და ჩვენ, რა თქმა უნდა, მივყვებით ამ არჩევანს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით დღეს მიმდინარეობს ცარიელი სპეკულაციები.
„თქვენ გახსოვთ მსგავსი ტიპის სპეკულაციები, მაგალითად, 2019 წლის ნოემბერში, როდესაც ჩავარდა პროპორციული სისტემა, მაშინაც იყო შექმნილი აჟიოტაჟი, ამბობდნენ, რომ გადაუხვია ქვეყანამ საგარეო კურსს. სინამდვილეში, რაც მოხდა მაშინ, რეალურად დაზარალდა უფრო მეტად „ნაციონალური მოძრაობა“ სისტემის ჩავარდნით, რომელიც მაშინ იყო დაინიცირებული, მე პირადად მხარი დავუჭირე მაშინ ამას, მაგრამ კოლეგების წინააღმდეგობის გამო ჩავარდა. არავითარი კურსიდან გადახვევა 2019 წლის ნოემბერში არ მომხდარა, სამწელიწად-ნახევარი გავიდა მას შემდეგ და ყველა ხედავს, რომ ჩვენი კურსი, საგარეო კურსი, ევროპული კურსი არის ურყევი და დღესაც, რა თქმა უნდა, ჩვენი კურსი არის ურყევი. არავითარი კავშირი ამ კანონპროექტს არ აქვს ჩვენს ევროპულ მომავალთან, ევროპულ კურსთან და ამას ყველა დაინახავს, საზოგადოება დაინახავს. დღეს ერთ-ერთი გადაწყვეტილება რაც მივიღეთ, იყო კომპრომისული გადაწყვეტილება სახალხო დამცველის კანდიდატთან დაკავშირებით. ოპოზიციის წარმომადგენელს დავუჭირეთ მხარი და ამაშიც კი არ ჩაერთო ოპოზიციის უდიდესი ნაწილი. რაც აჩვენებს, რომ სინამდვილეში ისინი არიან ფარისევლები, აკეთებენ ყველაფერს, რათა შეფერხდეს კანდიდატის სტატუსის მიღება. ჩვენ ვაკეთებთ აბსოლუტურად ყველაფერს, რათა საქართველომ მიიღოს დეკემბერში კანდიდატის სტატუსი და გაგრძელდეს შეუფერხებელი წინსვლა ევროპისკენ. ეს არის ჩვენი არჩევანი და ჩვენ, რა თქმა უნდა, მივყვებით ამ არჩევანს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.