ირაკლი კობახიძე - ვადასტურებ, რომ სამუშაო ჯგუფის ფორმატში პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხი არ განიხილება
ვადასტურებ, რომ ამ სამუშაო ჯგუფის ფორმატში პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკითხი არ განიხილება, ეს განიხილება საპარლამენტო ფორმატში და იქ მიიღება გადაწყვეტილება, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს საარჩევნო თემატიკასთან დაკავშირებით დღეს პარლამენტში გამართული პირველი სამუშაო შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
მისი თქმით, სამუშაო ჯგუფის ფორმატი და მანდატი იმ საკითხებით შემოიფარგლება, რომლებიც განსაზღვრულია ოდირი-ს (ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი) რეკომენდაციებში. საარჩევნო სისტემა კი წმინდა პოლიტიკური საკითხია და მასზე რაიმე სახის ექსპერტული ან მსგავსი დისკუსიის გაშლა პრაქტიკულად შეუძლებელია.
„ვიცით, რომ 2020 წლის შემდეგ უკვე ამოქმედდება. ეს კონსტიტუციაში წერია. აღნიშნული საკითხი გადაწყვეტილია. ერთადერთი დავა, მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში იქნება ვადასთან დაკავშირებით. მთავარია, რამდენად მდგრადი იქნება ჩვენი დემოკრატიული განვითარება. ამას უზრუნველყოფს სწორედ კონსტიტუცია. მთავარია, მომდევნო ათწლეულებში არ განმეორდეს იგივე, რაც წინა დეკადიდან გვახსოვს, 2012 წლამდე და იმის წინა დეკადიდან. ამის საწინააღმდეგო რეგულაციას კონსტიტუცია შეიცავს, რომელიც გვეუბნება, რომ საპარლამენტო სისტემა ყალიბდება თავისი პროპორციული არჩევნებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ამას თავისი რისკ-ფაქტორები და გამოწვევები აქვს, მაგრამ მთავარი მიღწევაა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ავტოკრატიის ჩამოყალიბება გამორიცხული იქნება.
„პროპორციულ სისტემას თავისი რისკ-ფაქტორები აქვს, ვხედავთ ევროპულ პრაქტიკას. არაერთ ევროპულ ქვეყანაში სერიოზული პრობლემები გაჩნდა იმის გამო, რომ ჩამოყალიბებულია პროპორციული სისტემა. ხედავთ, ევროპაში როგორი ტენდენციაა. როგორც კი ჩნდებიან ანტისისტემური პოლიტიკური პარტიები, პროპორციული სისტემა ქმნის გარკვეულ რისკს სტაბილურობის თვალსაზრისით. არის ქვეყნები, სადაც 200 დღის განმავლობაში ვერ ყალიბდებოდა მთავრობა. იგივე ვითარება შეგიძლიათ საქართველოში წარმოიდგინოთ. თუ პასუხისმგებლიანი პარტიები ვართ, ჩვენი საქმიანობა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში მიმართული უნდა იყოს იქით, რომ პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია უზრუნველვყოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, თუ ეს არ მოხდა, სერიოზული რისკი იქნება თუნდაც 2024 წელს პროპორციული სისტემის ამოქმედების მხრივ.
„პროპორციული სისტემის საკითხი განხილული იქნება. როცა საკითხის ინიცირება ხდება, ხელმოწერები გროვდება. პარლამენტი ვალდებულია, ეს კანონპროექტი განიხილოს და დაიწყება საპარლამენტო განხილვა. ვადასტურებ, რომ ამ სამუშაო ჯგუფის ფორმატში ეს საკითხი არ განიხილება, ეს განიხილება საპარლამენტო ფორმატში და იქ მიიღება გადაწყვეტილება“, – აღნიშნა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ.
საქართველოს პარლამენტში საარჩევნო თემატიკაზე შეხვედრა დღეს დახურულ ფორმატში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე მმართველი გუნდის ლიდერები, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.