ირაკლი კობახიძე - ვაცნობიერებთ პასუხისმგებლობას, მუდმივად ვიზრუნოთ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობაზე, რათა თითქმის საუკუნოვანი ისტორიის ტელევიზიამ საზოგადოებას მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია
საქართველოს მთავრობის სახელით შეგვიძლია, მოგცეთ პირობა, რომ ზრუნვა მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება, რათა თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მქონე ტელევიზიამ საზოგადოებას მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის ახალი შენობის გახსნაზე განაცხადა.
პრემიერმა საქართველოს პირველი არხის თითოეულ თანამშრომელს ახალი შენობის გახსნა მიულოცა.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მშენებლობის პროცესში მე მქონდა საშუალება, ვყოფილიყავი აქ, ამ შენობაში, დამეთვალიერებინა სამუშაოები და დავრწმუნდი, როგორი ენთუზიაზმით იყო ჩართული თითოეული ხელმძღვანელი პირი ამ ტელევიზიის მშენებლობაში. შედეგიც სახეზეა, შენობა არის გამორჩეული თავისი არაჩვეულებრივი შინაარსით და ძალიან ეფექტურია მთელი თავისი ინფრასტრუქტურით. ხშირად ვყოფილვართ საზოგადოებრივი მაუწყებლის სტუმრები და ძალიან რთულ პირობებში უწევდათ ჟურნალისტებს მუშაობა. მართალია, ისინი მუშაობდნენ ისტორიულ შენობაში, თუმცა შენობა იყო მოძველებული, ასევე აპარატურა. მოხარული ვარ, რომ დღეიდან საზოგადოებრივი მაუწყებელი იმუშავებს სრულიად განსხვავებულ გარემოში, ახალ შენობაში, ახალ სტუდიებში და სრულად განახლებული აპარატურით, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჟურნალისტისთვის და მინდა, მათ განსაკუთრებულად მივულოცო დღევანდელი დღე.
ასევე, იყო წლები, როცა საზოგადოებრივ მაუწყებელს და ჟურნალისტებს განსაკუთრებული პოლიტიკური სიმძიმის ქვეშ უწევდათ საქმიანობა, იყო წლები, როცა, კერძო მაუწყებლებთან ერთად, წინა ხელისუფლებამ მიითვისა საზოგადოებრივი მაუწყებელიც. დღეს ვითარება არის აბსოლუტურად განსხვავებული. დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი ზუსტად ისევე სარგებლობს მედიის თავისუფლების ძირითადი უფლებით, რომელიც არის გარანტირებული საქართველოს კონსტიტუციით, როგორც სარგებლობენ კერძო მაუწყებლები. უფრო მეტიც, ჩვენ გვქონდა კონსულტაციები თავის დროზე, 2017 წელს, როცა განიხილებოდა საკონსტიტუციო რეფორმის საკითხები და მაშინ საქართველოს კონსტიტუციაში, მეჩვიდმეტე მუხლში საგანგებოდ აისახა ჩანაწერი საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ, და საქართველო არის ერთ-ერთი იშვიათი შემთხვევა, სადაც კონსტიტუციით არის გარანტირებული საზოგადოებრივი მაუწყებლის ინსტიტუციური სტატუსი. გარდა ამისა, კონსტიტუცია უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას სახელმწიფო უწყებებისგან და თავისუფლებას პოლიტიკური და არსებითი კომერციული გავლენისგან. ეს არის ყველაზე დახვეწილი ჩანაწერი, რაც სხვადასხვა კონსტიტუციაში შეიძლება შეგხვდეთ საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს არის ახლანდელი დამოკიდებულება ზოგადად მედიის მიმართ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ და ვფიქრობ, ეს შენობაც არის ამ დამოკიდებულების კიდევ ერთი გამოვლინება.
საზოგადოებრივ მაუწყებელში დაიწყო ქართული ტელემაუწყებლობის, რადიომაუწყებლობის ისტორია. აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივ მაუწყებელს დღეს აქვს და ყოველთვის ექნება განსაკუთრებული დატვირთვა ჩვენი ქვეყნისთვის. შესაბამისად, ჩვენ ვაცნობიერებთ ხელისუფლების პასუხისმგებლობას, მუდმივად ვიზრუნოთ საზოგადოებრივ მაუწყებელზე, მის დამოუკიდებლობაზე, მის მუდმივ განვითარებაზე და საქართველოს მთავრობის სახელით შეგვიძლია, მოგცეთ პირობა, რომ ეს ზრუნვა მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება, რათა თითქმის საუკუნოვანი ისტორიის მქონე ტელევიზიამ საზოგადოებას მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ“, – განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პირველ არხს ახალი შენობა აქვს, რომელიც პოლიტკოვსკაიას 31 ნომერში მდებარეობს. მშენებლობის პროცესი დასრულდა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა საზეიმო ვითარებაში დღეს ოფიციალურად გაიხსნა.