ირაკლი კობახიძე - უზრა ზეიასთან გამჭვირვალობაზე მქონდა კითხვები, იყო ზოგადი შეფასება, არგუმენტაციის გარეშე და ვთხოვე, მომავალში კონკრეტული შენიშვნები წარმოედგინათ, სხვა შემთხვევაში გაგვიჭირდება რეაგირება
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, უზრა ზეიასთან მქონდა კითხვები გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებით, აქაც იყო ზოგადი შეფასება, ყოველგვარი არგუმენტაციის, კონკრეტიკის გარეშე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, სთხოვა, ამ კანონთან დაკავშირებით მომავალში კონკრეტული შენიშვნები წარმოედგინათ.
„მე ვთხოვე მას, რომ მომავალში წარმოედგინათ კონკრეტული შენიშვნები ამ კანონთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გაგვიჭირდება ზოგად კომენტარებზე რეაგირება. ჩვენი სურვილია, მაქსიმალურად გაღრმავდეს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან, რაც არაერთგზის დავაფიქსირეთ. ჩვენი მხრიდან არის აბსოლუტური ღიაობა, მთავარია, ჩვენ ვიხილოთ შემხვედრი ნაბიჯები და კვლავაც ვართ მოლოდინის რეჟიმში, ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. ეს გზავნილი გავუზიარე პირადად მას, როდესაც გვქონდა შეხვედრა და იმედია, რომ თანდათანობით ყველაფერი გაუმჯობესდება, ურთიერთობები გაჯანსაღდება. ჩვენ ვართ დარწმუნებულები, რომ სადღაც მომავალი წლის დასაწყისიდან თვისებრივად შეიცვლება ურთიერთობების განვითარება საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის“, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ვიზიტით მყოფ სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, უზრა ზეიას გუშინ შეხვდა.