ირაკლი კობახიძე - უწყვეტმა 12-წლიანმა მშვიდობამ საქართველოს მოუტანა უპრეცედენტო ეკონომიკური წინსვლა
უწყვეტმა 12-წლიანმა მშვიდობამ საქართველოს მოუტანა უპრეცედენტო ეკონომიკური წინსვლა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მცხეთაში, საარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეკონომიკის განვითარების სწორ რელსებზე დაყენებამ, ბიზნესის თავისუფლებამ და სწორმა სოციალურმა პოლიტიკამ, საქართველოს ხელშესახები პროგრესი მოუტანა.
„უწყვეტმა 12-წლიანმა მშვიდობამ საქართველოს მოუტანა უპრეცედენტო ეკონომიკური წინსვლა. მხოლოდ გასული სამი წლის მანძილზე საქართველოს ეკონომიკა დოლარში ორჯერ გაიზარდა. სამჯერ გაიზარდა სახელმწიფო ბიუჯეტი. ამოქმედდა უპრეცედენტო მხარდაჭერის პროგრამა მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის. ამოქმედდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და რამდენჯერმე გაუმჯობესდა მოსახლეობის სოციალური დაცვის პაკეტი. 72-დან 75 წლამდე გაიზარდა ადამიანების სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა. რამდენჯერმე გაიზარდა საავტომობილო გზების, სკოლების, ბაღების, სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობის ტემპი. ყოველწლიურად ასობით მილიონი ლარით ფინანსდება სოფლის მეურნეობის პროგრამები, რამაც აგრარულ სექტორს უპრეცედენტო განვითარება მოუტანა. ხუთჯერ გაიზარდა ბიზნესსექტორის ბრუნვა, სამჯერ გაიზარდა ხელფასები ბიზნესსექტორში, სამჯერ გაიზარდა მრეწველობის ბრუნვა, განახევრდა უმუშევრობა, 700 ათასამდე ჩვენმა თანამოქალაქემ დააღწია თავი სიღარიბეს. საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა ეს არის ის პროგრესი, რომელიც ჩვენს ქვეყანას დემოკრატიულმა გარდატეხამ, უწყვეტმა 12-წლიანმა მშვიდობამ, ეკონომიკის განვითარების სწორ რელსებზე დაყენებამ, ბიზნესის თავისუფლებამ და სწორმა სოციალურმა პოლიტიკამ მოუტანა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.