ირაკლი კობახიძე - უვიზო რეჟიმზე ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას, ეკონომიკური კავშირების განვითარებას, ყველა სფეროში გვაქვს ზრდის პოტენციალი
უვიზო რეჟიმთან დაკავშირებით ჩინეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას, ეკონომიკური, კულტურული კავშირების განვითარებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, საქართველოს ყველა სფეროში აქვს ზრდის პოტენციალი.
„ჩვენ შარშან გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება და თანდათან ვცდილობთ, ეს ყველაფერი პრაქტიკულ შედეგებში აისახოს და მორიგი ნაბიჯი, რომელიც გადავდგით გასული დღეების განმავლობაში, ეს იყო სწორედ უვიზო რეჟიმი. ჩინეთმა უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე გადაწყვეტილება კონსულტაციების საფუძველზე მიიღო. ამას წინ უსწრებდა ჩვენი ანალოგიური გადაწყვეტილება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი, მობილობის თვალსაზრისით; მეორე, რა თქმა უნდა, უვიზო მიმოსვლა ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას, ეკონომიკური კავშირების, კულტურული კავშირების განვითარებას. ყველა სფეროში გვაქვს ჩვენ ზრდის პოტენციალი. რა თქმა უნდა, ჩინეთის ხელისუფლების ეს ბოლო გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს კავშირების განვითარებას ჩვენს ქვეყნებს შორის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა.
შეგახსენებთ, ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი საქართველოს მხრიდან 2023 წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა.
ამასთან, საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება 2023 წლის ივნისში გაფორმდა.