ირაკლი კობახიძე - უსაფრთხოების საბჭოში წესით, პრეზიდენტი არ უნდა იყოს წარმოდგენილი, თუმცა მზად ვართ ყველა საკითხის განსახილველად
ირაკლი კობახიძე - უსაფრთხოების საბჭოში წესით, პრეზიდენტი არ უნდა იყოს წარმოდგენილი, თუმცა მზად ვართ ყველა საკითხის განსახილველად

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში წესით, პრეზიდენტი არ უნდა იყოს წარმოდგენილი, თუმცა ამ საკითხზე მსჯელობა გაგრძელდება.

როგორც ჟურნალისტებს კობახიძემ განუცხადა, საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა იქნება, რადგან ეს წმინდა სამართლებრივი საკითხია.

„იქ, სადაც პირველი პირი პრემიერ-მინისტრია, პრეზიდენტი, რომელიც სიმბოლური თვალსაზრისით სახელმწიფოს მეთაური და სახელმწიფოს პირველი პირია, წესით წარმოდგენილი არ უნდა იყოს, თუმცა მზად ვართ, ყველა საკითხი განვიხილოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“კანონპროექტის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოს წარმოადგენს. საბჭოს მდივნის ფუნქციას საბჭოს ერთ-ერთი წევრი შეასრულებს, საბჭოს მუდმივმოქმედი წევრები კი იქნებიან: პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაზვერვის სამსახურის უფროსი და თავდაცვის ძალების მეთაური.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საბჭო მაქსიმალურად ქმედითი და მინიმალურად ბიუროკრატიული ორგანოა.

კანონპროექტში ნათქვამია, რომ საბჭო პრემიერ-მინისტრთან არსებული ანალიტიკური ცენტრია, რომელიც სტრატეგიულ დონეზე პოლიტიკის დაგეგმვის მანდატით აღიჭურვება, თუმცა არ აქვს ოპერატიულ დონეზე ფუნქციონირების უფლებამოსილება.

„თემატური თვალსაზრისით, საბჭო იმუშავებს ეროვნული უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების, რისკებისა და უსაფრთხოების პრევენციაზე, გამოვლენასა და აღკვეთაზე. ამ მიზნით, საბჭოს აპარატში უზრუნველყოფილი იქნება სათანადო ანალიტიკური საქმიანობა“, – ნათქვამია პროექტში.