ირაკლი კობახიძე - უნდა მივიღოთ ზომები, რათა პარლამენტში სხვა დეპუტატების ნაცვლად რეგისტრაციის გავლის პრაქტიკა არ გაგრძელდეს 
ირაკლი კობახიძე - უნდა მივიღოთ ზომები, რათა პარლამენტში სხვა დეპუტატების ნაცვლად რეგისტრაციის გავლის პრაქტიკა არ გაგრძელდეს 

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტში დეპუტატები კენჭისყრაში სხვის მაგივრად მონაწილეობენ.

სამადაშვილის განცხადებით, არსებობს დოკუმენტური მასალა, სადაც დაფიქსირებულია, რომ უმრავლესობის წევრები სხვა დეპუტატის ნაცვლად ხმას აძლევენ.

„ჩვენი მუშაობის პირობები რომ გაამკაცრეთ, კარგია, მაგრამ ძალიან ცუდია, რომ პარლამენტში ზოგიერთი კოლეგა სხვის მაგივრად მონაწილეობს კენჭისყრაში. ჩვენ გვაქვს დოკუმენტური მასალა, რომელიც ამას ადასტურებს, დღეს არის დაფიქსირებული, უმრავლესობის წევრები როგორ აძლევენ ხმას სხვა დეპუტატების ნაცვლად.  ვითხოვ, ეს მასალა მიიღოს შესასწავლად პარლამენტის შესაბამისმა უწყებამ. გვეჩვენება, რომ სრულიად არათანაბარ პირობებში ამყოფებთ ოპოზიციას უმრავლესობისგან ახალი რეგლამენტის პირობებში“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სალომე სამადაშვილს ირაკლი კობახიძემ უპასუხა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ნამდვილად არასწორი პრაქტიკაა, როდესაც ცალკეული დეპუტატები სხვა დეპუტატების რეგისტრაციას გადიან.

„სამწუხაროდ, ამ პრაქტიკას მიმართავს უკლებლივ ყველა ფრაქცია. ეს არის სამწუხარო პრაქტიკა. არის პროცედურა და გირჩევთ, გამოიყენოთ.კერძოდ, შეგიძლიათ მიმართოთ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელსაც ევალება რეაგირება, მეც მევალება. თუ იქნება კონკრეტული ფაქტები, წარუდგინეთ მონაცემები და მივიღებთ ზომებს. ეს ძალიან მავნე პრაქტიკა უნდა აღიკვეთოს. მადლობა ოპოზიციას ამ საკითხის დასმისთვის. ყველამ ერთად უნდა მივიღოთ ზომები, რათა ეს პრაქტიკა არ გაგრძელდეს საქართველოს პარლამენტში.

შეგვიძლია, ჩამოვაყალიბოთ ძალიან მარტივი პრაქტიკა, რომელიც იქნება კარგი პრევენციის მაგალითი, თუ ყველასთვის მისაღებია. მანდატურის სამსახურს შეუძლია, ყოველი სხდომის გახსნის შემდეგ, წარმოადგინოს იმ ადამიანების გვარები, რომლებიც გადიან ბარათით რეგისტრაციას. შეიძლება, გვარები არ დავასახელოთ ყოველ ჯერზე, თუმცა იქვე შემიძლია ვთქვა რაოდენობა. შესაბამისად, ამ რაოდენობის მიხედვით, იქვე მარტივად მოხდება სანქციის შეფარდება ამ დეპუტატებისთვის, რაც შეიძლება იყოს კარგი პრევენციის მექანიზმი, რათა აღმოიფხვრას ბარათებით სარგებლობის პრაქტიკა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.