ირაკლი კობახიძე - უმრავლესობის სხდომაზე საპარლამენტო თანამდებობებზე არ გვიმსჯელია
დღევანდელი განხილვის თემა საპარლამენტო თანამდებობები არ ყოფილა, მოგვიანებით გვექნება ალბათ ამაზე საუბარი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ, დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბოლო დღეების განმავლობაში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს.
„საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში სხვადასხვა საკითხი განვიხილეთ. რა თქმა უნდა, გავარჩიეთ ის, რაც მოხდა ამ გასული დღეების განმავლობაში, ეს იყო ერთ-ერთი მთავარი თემა შეხვედრის.
ასევე გვქონდა საუბარი იმ გეგმებზე, რომელი ჩვენ გვაქვს, მათ შორის საპარლამენტო დღის წესრიგზეც გვქონდა საუბარი. დღეს არ გვიმსჯელია საპარლამენტო თანამდებობებზე. მოგვიანებით გვექნება ალბათ ამაზე საუბარი. დღევანდელი განხილვის თემა ეს არ ყოფილა“, – განაცხადა კობახიძემ.
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა პარლამენტში პირველი მოსმენით კენჭისყრაზე ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მიიღო.
ამის შემდეგ უმრავლესობისა და საპარლამენტო თანამდებობების დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს: თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, სოფიო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ, ირინა ფრუიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა,ზაზა ხუციშვილმა, მარიამ ჯაშმა და გიორგი ბეგაძემ.
მოგვიანებით, საპარლამენტო უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთეს ფრაქცია „კონსერვატორების“ წევრებმა: ზვიად ძიძიგურმა, ნინო გუგუაძემ და გიგა ბუკიამ.