ირაკლი კობახიძე - უმრავლესობის რამდენიმე ლიდერი არ ვიყავით ამერიკის საელჩოს ღონისძიებაზე, სოლიდარობა გამოვხატეთ სამი დეპუტატის მიმართ, რომლებსაც მოსაწვევი გამოუგზავნეს და შემდეგ უთხრეს, რომ სჯობდა, არ მისულიყვნენ
ირაკლი კობახიძე - უმრავლესობის რამდენიმე ლიდერი არ ვიყავით ამერიკის საელჩოს ღონისძიებაზე, სოლიდარობა გამოვხატეთ სამი დეპუტატის მიმართ, რომლებსაც მოსაწვევი გამოუგზავნეს და შემდეგ უთხრეს, რომ სჯობდა, არ მისულიყვნენ

პარლამენტიდან უმრავლესობაში ვინც კი არის მაღალი თანამდებობის პირი, მგონი, არცერთი არ მივედით ამერიკის საელჩოს ღონისძიებაზე. ამას ჰქონდა კონკრეტული მიზეზი, მცირე სოლიდარობა გამოვხატეთ ერთ-ერთი დეპუტატის მიმართ, რომელსაც გამოუგზავნეს მოსაწვევი და შემდეგ უთხრეს, რომ სჯობდა, არ მისულიყო, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მოგვიანებით ირაკლი კობახიძემ დააზუსტა და აღნიშნა, რომ სამი დეპუტატი იყო, რომლებსაც მოსაწვევები შეცდომით გაუგზავნეს.

„სხვათა შორის, ერთი არ იყო, ასეთი იყო სამი, რომლებსაც, რა ინფორმაციაც ჩვენ გვაქვს, შეცდომით გამოუგზავნეს მოსაწვევები. სინამდვილეში არ უნდოდათ მიწვევა. შემდეგ უთხრეს, რომ სჯობდა, არ მისულიყვნენ, რბილად რომ ვთქვათ, ეს არასწორი დამოკიდებულებაა. ასეთ დროს, ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან იყო ვალდებულება, გამოგვეხატა სოლიდარობა, ეს არის და ეს. ჩვენ პატივს ვცემთ საელჩოს, მაგრამ როდესაც კონკრეტული ჩინოსნების გამო ხდება უხეში შეცდომების დაშვება, ამაზე გვჭირდება რეაგირება. მომავალ წელს, როდესაც გაიმართება ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ყველა მიწვეული დეპუტატი აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას, მაგრამ წელს იყო ასეთი უხეში შეცდომა კონკრეტული ჩინოსნის მხრიდან და ამაზე გვჭირდებოდა რეაგირება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძეს კითხვით მიმართეს, რა კომენტარს გააკეთებდა იმაზე, რომ ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე იმყოფებოდა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე, რაზეც კობახიძემ აღნიშნა:

„რამდენიმე ლიდერი პარლამენტიდან, საპარლამენტო უმრავლესობიდან არ იყო მისული სოლიდარობის ნიშნად, მაგრამ დეპუტატები, რა თქმა უნდა, იყვნენ. კონსულტაციები გვქონდა, დეპუტატები უნდა მისულიყვნენ. რეაგირება სჭირდება კონკრეტული ჩინოსნის არასწორ ქმედებას, მაგრამ, ბუნებრივია, ჩვენ გამოვხატავთ პატივისცემას ამერიკელი ხალხის მიმართ, ამერიკის დამოუკიდებლობის დღის, საელჩოს მიმართ. აქედან გამომდინარე, დეპუტატების საელჩოში მისვლა იყო პატივისცემის გამოხატულება“, – განაცხადა კობახიძემ.