ირაკლი კობახიძე - უკრაინის მსგავსად, ჩვენც გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან, კომუნიკაცია შეიძლება, მისაღები იყოს, გამომდინარე იქიდან, რამდენად ჯდება სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ ჩარჩოებში
ირაკლი კობახიძე - უკრაინის მსგავსად, ჩვენც გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან, კომუნიკაცია შეიძლება, მისაღები იყოს, გამომდინარე იქიდან, რამდენად ჯდება სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ ჩარჩოებში

ჩვენც, ისევე როგორც უკრაინას, გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან. ამ ლეგიტიმური ურთიერთობების ფარგლებში, ნებისმიერი კომუნიკაცია შეიძლება, მისაღები იყოს, გამომდინარე იქიდან, რამდენად ჯდება სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ ჩარჩოებში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს რუსეთისთვის არ აქვს დაწესებული სანქციები, „სავაჭრო ურთიერთობების ფარგლებში ბუნებრივია, შეიძლება, შედგეს ნებისმიერი ურთიერთობა“.

„ომის დროს, როდესაც რუსეთი თავისი სამხედრო ძალებით ანგრევს მარიუპოლს, სხვა ქალაქებს, როდესაც კვდება უამრავი ადამიანი, უკრაინის ხელისუფლება ვაჭრობს რუსეთთან, პუტინთან. პუტინისგან ყიდულობს გაზს, შემდეგ ეს გაზი გადააქვს ევროპის ქვეყნებში და ასე შემდეგ. უკრაინა აკეთებს ამას, დღემდე პუტინისგან ყიდულობს გაზს და არა მარტო, ამ გაზის გატარებას უზრუნველყოფს ევროკავშირის ქვეყნებში. არც არავის უთქვამს, რომ ეს ამორალურია, ან არალეგიტიმურია ან ასე შემდეგ. ჩვენც, ისევე როგორც უკრაინას, გვაქვს სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან. ამ ლეგიტიმური ურთიერთობების ფარგლებში, ნებისმიერი კომუნიკაცია შეიძლება, იყოს მისაღები, გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად ჯდება იმ ჩარჩოებში, რაც განსაზღვრული აქვს სახელმწიფოს. სახელმწიფოს განსაზღვრული აქვს ჩარჩოები იმ ურთიერთობებისთვის, რომელიც დამყარებულია, ეს არის სავაჭრო ურთიერთობები. ამ ლეგიტიმურ ფარგლებში, ნებისმიერი კომუნიკაცია არის ლეგიტიმური“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძე გამოეხმაურა „კიბერ კმარას“ მიერ გავრცელებულ ​აუდიოჩანაწერს, რომლის ავთენტურობა დადასტურებული არ არის. ჩანაწერის მიხედვით, სავარაუდოდ ბიზნესმენი ვლადიმერ ევტუშენკოვი ბიძინა ივანიშვილს ურეკავს.

„ჩანაწერის ავთენტურობას რაც შეეხება, ამაზე მე ვერაფერს გეტყვით. ამასთან დაკავშირებით არ ვიცი, შეგიძლიათ, სხვანაირად მოიკითხოთ ეს ინფორმაცია. მათ შორის, წყარო თქვენთვის ცნობილია და შეგიძლიათ, წყაროსაც ჰკითხოთ, თუ ეს თქვენთვის უხერხულობას არ შექმნის. ანუ საიდან გახდა ეს ჩანაწერი ცნობილი კონკრეტული ტელევიზიისთვის. საიდან გახდა ცნობილი, ან ქართული მხრიდან, ან რუსული მხრიდან, ან აკერმანს უნდა ჩამოეტანა მაგალითად ბაკურიანში. პირველი გამორიცხულია, მეორე და მესამე ამ ტელევიზიას სერიოზულ უხერხულობას შეუქმნის. აკერმანისა და ასევე რუსული ვერსია იქნება სერიოზული უხერხულობის შემცველი კონკრეტული ტელევიზიისთვის, რომელიც დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ პირდაპირი ფორმით. აქედან გამომდინარე, პირველ რიგში, ამ ტელევიზიას უნდა ვკითხოთ, არის თუ არა ეს ჩანაწერი ავთენტური და მათ ამისთვის ალბათ წყაროზე უნდა ისაუბრონ. თუმცა, მე მგონია, რომ წყაროს გამჟღავნება იქნება სერიოზული უხერხულობის შემქმნელი. სამი ტელევიზია წარმოადგენს პოლიტიკურ ძალას, რომელმაც რუსეთს მოუხსნა მაგალითად უვიზო მიმოსვლის რეჟიმი რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ. ეს სამი ტელევიზია წარმოადგენს ამ პოლიტიკურ ძალას, „ნაცმოძრაობაზე“ საუბარი და მის ტელევიზიებზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველო უკრაინას სრულ მხარდაჭერას უცხადებს, როგორც პოლიტიკური, ისე ჰუმანიტარული კუთხით.

„რაც შეეხება უშუალოდ ურთიერთობების თემას და საქართველოს პოზიციას ომთან მიმართებით. ჩვენი პოზიცია არის ნათელი. რაც შეეხება პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ მხარდაჭერას, აქ ვაკეთებთ 100 პროცენტს უკრაინისთვის, მისი ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის მხარდასაჭერად და რუსეთის აგრესიის დაგმობის კუთხით. რაც შეეხება სანქციებს, ამასთან დაკავშირებით, საზოგადოებამ ძალიან მკაფიო განცხადებები მოისმინა. რაც შეეხება სანქციების გვერდის ავლას, ამაზეც ჩვენი პოზიცია არის აბსოლუტურად ნათელი. არავინ არავის არ ეხმარება. ამ ჩანაწერის თანახმად, რომლის ავთენტურობაც არ ვიცით, კონკრეტულ ადამიანს აინტერესებს სავაჭრო ურთიერთობებში რაღაცის გაკეთება. გამომდინარე იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის პოლიტიკაში, ბუნებრივია, მას არ შეუძლია ასეთ დროს რაიმე პასუხის გაცემა და მარტივად ეუბნება საკუთარ ძველ მეგობარს, თუ ავთენტურია ეს ჩანაწერი, რომ ასეთი რაღაც უნდა გაირკვეს ხელისუფლების წარმომადგენელთან. თუ ეს ავთენტურია, ამ ავთენტურ ჩანაწერშიც არაფერი პრობლემური სინამდვილეში არ არის. რომც იყოს ავთენტური, არავითარ უხერხულობას ბუნებრივია, ეს საუბარი არ ქმნის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.