ირაკლი კობახიძე - უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სია ისეთი აბსურდულია, შეიძლება, მასში ხვიჩა კვარაცხელია და თორნიკე შენგელიაც ჩაწერონ
უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სია ისეთი აბსურდულია, რომ შეიძლება, მასში ხვიჩა კვარაცხელია და თორნიკე შენგელიაც ჩაწერონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძემ კომენტარი ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამიას ახალ მიმართვაზე, სადაც ვედპლატფორმაზე – sanctions.nazk.gov.ua გამოქვეყნებულ სიებზე საუბრობს.
ირაკლი კობახიძის თქმით, გამორიცხულია, ვინმემ შანტაჟით ისეთი ნაბიჯი გადადგას, რომელიც ქვეყნის განადგურებას გამოიწვევს და ქართველი ხალხის ნებას ეწინააღმდეგება.
„ეს სია უკრაინის ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოიტანა, რომელსაც ადეიშვილის ყოფილი მოადგილე ხელმძღვანელობს. ანუ, საქმე რასთან გვაქვს, ყველა ძალიან კარგად ხედავს. დღეს, უკრაინას ორი ძირითადი პრობლემა აქვს – ომი და კორუფცია, რაშიც უკრაინა იხრჩობა და ამას საერთაშორისო თანამეგობრობა აღიარებს. ნაცვლად იმისა, რომ საკუთარ კორუფციას მიხედონ, ეს ადამიანები დაკავებული არიან აბსურდით და არახამიას რაღაც სურვილებით, რომ საქართველო მეორე ფრონტი გახდეს. როგორი სიაც არ უნდა დაიდოს, როგორც საკუთარ ქვეყანაში კორუფცია ვერ აღმოფხვრეს, ასევე წარუმატებელი იქნება მათი ნებისმიერი ასეთი აბსურდული ინიციატივა. ვიღაცისთვის სანქცირება შეიძლება, არის შანტაჟის ინსტრუმენტი, მაგრამ რა ინიციატივაც არ უნდა წარმოადგინონ, ჩვენ ვერავინ დაგვაშანტაჟებს და ვერ გვაიძულებს იმას, რომ აქ ომი გავაჩაღოთ. უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები ერთი ხელით გვეუბნებიან, რომ ომში არ ვერთვებით და მეორე ხელით გვაშანტაჟებენ. ეს სია ისეთი აბსურდულია, რომ არ ვიცი, ჩემი გვარიც ნახოთ და შეიძლება, მასში ხვიჩა კვარაცხელია და თორნიკე შენგელიაც ჩაწერონ. ეს სია თავიდან ბოლომდე აბსურდულია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ომში შანტაჟით ჩაგვრთავენ, გამორიცხულია, ვინმემ შანტაჟით ისეთი ნაბიჯი გადადგას, რომელიც ჩვენი ქვეყნის განადგურებას გამოიწვევს და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას. შეგვიძლია, პლებისციტი ჩავატაროთ და ხალხს ვკითხოთ, მეორე ფრონტი გაიხსნას თუ – არა. თუ ქართველი ხალხი ომის პარტიას გაჰყვება, კი ბატონო, ვიმსჯელოთ, მაგრამ თუ ქართველი ხალხი ჩვენს პოზიციას ეთანხმება, რომ საქართველოში ომი არ უნდა იყოს, მაშინ ასე გავაკეთოთ“, – განაცხადა კობახიძემ.