ირაკლი კობახიძე - უკრაინას სამი ძალიან მკაცრი პირობა წაუყენეს ნატო-ში გაწევრიანებისთვის, რაც არის იმ პრაგმატული პოლიტიკის გამოხატულება, რომელიც ნატო-ს მხრიდან რუსეთთან მიმართებით დაფიქსირდა
ირაკლი კობახიძე - უკრაინას სამი ძალიან მკაცრი პირობა წაუყენეს ნატო-ში გაწევრიანებისთვის, რაც არის იმ პრაგმატული პოლიტიკის გამოხატულება, რომელიც ნატო-ს მხრიდან რუსეთთან მიმართებით დაფიქსირდა

უკრაინას სამი ძალიან მკაცრი პირობა წაუყენეს ნატო-ში გაწევრიანებისთვის, რაც არის იმ პრაგმატული პოლიტიკის გამოხატულება, რომელიც დაფიქსირდა ნატო-ს მხრიდან რუსეთთან მიმართებით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სამიტის კომუნიკეში წერია, რომ ნატო არ ეძებს კონფრონტაციას რუსეთთან და, შესაბამისად, შენარჩუნდა არსებული სტატუს კვო.

„რეალურად, უკრაინას დაუყენეს სამი პირობა ნატო-ში გაწევრიანებისთვის. პირველი პირობა არის ომის მოგება; მეორე – რომ უნდა შესრულდეს რეფორმებთან დაკავშირებული მოთხოვნები და მესამე – უნდა იყოს სრული კონსენსუსი ნატო-ს წევრებს შორის. ამ სამიდან ერთ-ერთი მაინც თუ არ დაკმაყოფილდა, ამ შემთხვევაში უკრაინა ვერ გახდება ნატო-ს წევრი. სამი ძალიან მკაცრი პირობა დაუყენეს უკრაინას ნატო-ში გაწევრიანებისთვის, რაც, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არის იმ პრაგმატული პოლიტიკის გამოხატულება, რომელიც დაფიქსირდა ნატო-ს მხრიდან რუსეთთან მიმართებით. ჩემზე უკეთესად ამას ხსნის სამიტის კომუნიკე, სადაც წერია, რომ ნატო არ ეძებს კონფრონტაციას რუსეთთან და, შესაბამისად, შენარჩუნდა ეს სტატუს კვო, რომელიც არის. ანუ მარტივად არის თვითონ კომუნიკეში ახსნილი ეს ყველაფერი. ნატო არ ეძებს კონფრონტაციას რუსეთთან და, აქედან გამომდინარე, ტოვებს იმ სტატუს კვოს, რომელიც შემორჩენილია ბუქარესტის სამიტიდან.

წარმოიდგინეთ, უკრაინა არის ამხელა, ომში გახვეული და მაინც სტატუს კვო დარჩა. რა ნაბიჯი უნდა გადაგვედგა ასეთ პირობებში, რომ გვქონოდა პროგრესი, ხომ?! მთავარი პრობლემა რა არის, რომ როდის და როგორ, ამაზე პასუხი არ არსებობს. როგორც არ არსებობდა გუშინდლამდე, ასევე არ არსებობს გუშინდლის შემდეგაც. როდის და როგორ არავინ არ იცის. წარმოიდგინეთ, ქვეყანა არის ომის მდგომარეობაში და, ამის მიუხედავად, არავითარი პროგრესი. ასეთ პირობებში საქართველოს რა პროგრესისთვის უნდა მიეღწია? თავადაც ხედავთ, რომ ეს იყო აბსოლუტურად არარეალური“, – განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.