ირაკლი კობახიძე - უკიდურესად მიუღებელია, როდესაც ოპოზიციის ლიდერები გერმანიის ელჩთან დაკავშირებით აკეთებენ უმძიმეს და შეურაცხმყოფელ განცხადებებს
ჩვენთვის უკიდურესად მიუღებელია, როდესაც ადამიანები, რომლებიც იწოდებიან ოპოზიციის ლიდერებად, აკეთებენ უმძიმეს, უზრდელურ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს გერმანიის ელჩთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, უზრდელობა არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე.
„ჩვენთვის უკიდურესად მიუღებელია, როდესაც ადამიანები, რომლებიც იწოდებიან ოპოზიციის ლიდერებად – ასეთია ჯერ ნათელაშვილი და შემდეგ ბოკერია, ასევე ჩერგოლეიშვილი, ისინი აკეთებენ უმძიმეს, უზრდელურ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს გერმანიის ელჩთან დაკავშირებით და არა მარტო ელჩთან, გერმანიის სახელმწიფოსთან და ქვეყანასთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენთვის ძალიან მძიმე და დასაგმობი. მივესალმებით იმას, რომ გარდა „ქართული ოცნებისა“ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან ღიად გმობენ ასეთ განცხადებას. უზრდელობა არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე. თქვენ გახსოვთ ბოკერიას უზრდელური განცხადება, გახსოვთ ნათელაშვილის განცხადება. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ასეთი განცხადებები არ დარჩებოდა იმ ქვეყნების მხრიდან რეაგირების გარეშე, რომლებიც თავს მიიჩნევენ გერმანიის მეგობრობად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროკავშირმა დღეს საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის შესახებ ბოლო პერიოდში გაკეთებულ საჯარო კომენტარებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირის გმობს გარკვეული პოლიტიკური აქტორებისა და მედიასაშუალებების თავდასხმებს საქართველოში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ.