ირაკლი კობახიძე - უგულავა, ოქრუაშვილი და არც რურუა არ არიან პოლიტპატიმრები, ისინი არიან პოლიტკრიმინალები და ამ საკითხზე საუბარი ზედმეტია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და არც გიორგი რურუა პოლიტპატიმრები არ არიან.
„თქვენც იცით, რომ არც უგულავა, არც ოქრუაშვილი და არც რურუა არ არიან პოლიტპატიმრები, ისინი არიან პოლიტკრიმინალები, შესაბამისად, ამ საკითხზე საუბარი არის აბსოლუტურად ზედმეტი“, – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს, კობახიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდისგან მას სრული მხარდაჭერა ექნება.
„თუ ოპოზიცა მხარს არ დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, აქ არის ორი ვარიანტი. ერთი ვარიანტია, რომ ამ ორი პარტიის ხმების გარეშეც შეიძლება გავიდეს და მაღალი ალბათობით, გავა საკონსტიტუციო ცვლილებები და ჩვენ ამის დიდი იმედი გვაქვს.
თუ არ გავა, ესეც არ არის დიდი პრობლემა, ამ შემთხვევაში შენარჩუნდება ის საარჩევნო სისტემა, რომელიც ზუსტად ამ ორმა პარტიამ დაუტოვა ქვეყანას სახსოვრად. ჩვენ დიდი იმედი გაქვს, რომ ეს სისტემა შეიცვლება. თუ არ შეიცვლება, ამ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტი ზიანი მიადგება სწორედ ამ ორ პარტიას, რადგან თუ ჰქონდათ ცოტა მეტი წარმომადგენლობის უზრუნველყოფის შანსი ახალი სისტემით – 120/30-ით, ძველი სისტემით, 77/73-ით კიდევ უფრო ნაკლებად იქნება წარმოდგენილი ეს ორი პარტია პარლამენტში, რაც შეიძლება ცუდი არც იყოს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.