ირაკლი კობახიძე - უფლებამოსილების გადამეტებით რომ მოვიპარო 48 მილიონი, შემდეგ მოვითხოვო ევროპარლამენტარებისგან, დაიცვან ჩემი უფლებები, ეს ჯანსაღი იქნება?
48 მილიონი რომ მოიპარა გიგი უგულავამ ეს დაადგინა პირველმა, მეორემ და მესამე ინსტანციამ, მე უფლებამოსილების გადამეტებით რომ მოვიპარო წელს 48 მილიონი, ამ ხალხს ვეკითხები, რომელიც უსტვენს გიგი უგულავასთვის, მერე მოვითხოვ მათ შორის ევროპარლამენტარებისგან, რომ დაიცვან ჩემი უფლებები და უნდა დავრჩე მერე პოლიტიკაში, ეს ჯანსაღი იქნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, გიგი უგულავასთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშნები არ იყო, არავის ეჭვი არ შეაქვს იმაში, რომ ამ კაცმა 48 მილიონი მოიპარა, კითხვის ნიშნები იყო, რატომ მოხდა ეს საარჩევნო წელს.
„ჩვენ ვუხსნიდით, რომ საარჩევნო წელი ჩვენ გვაქვს 2012 წლიდან მოყოლებული ყოველ წელს. რაც შეეხება თავად 48 მილიონის მოპარვას, ამაზე არანაირი კითხვის ნიშნები არ იყო არც ერთი ევროპარლამენტარის მხრიდან, ყველამ იცის, რომ 48 მილიონი მოიპარეს, ეს იყო თბილისის მოსახლეობის ფული და ამ კაცს აცხადებენ ახლა პოლიტპატიმრად, რაც არის გაუგებარი, ჯერ მოიტანონ ეს 48 მილიონი უკან და დაუბრუნონ ხალხს და მერე ვილაპარაკოთ ვიღაცის პოლიტპატიმრობაზე. არ ვიცი ეს იურიდიულად როგორ უნდა გაკეთდეს, მაგრამ კაცი რომ მოიპარავს 48 მილიონს, ბუნებრივია, მინიმუმ პოლიტიკურად ჩვენ მოვითხოვთ ამ ფულის უკან დაბრუნებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.