ირაკლი კობახიძე - უცხოეთიდან დაფინანსებულმა „ენჯეოებმა“ ორჯერ სცადეს, დაპირისპირებოდნენ კონსტიტუციურ წყობილებას, ახლა აქვთ მესამე მცდელობა, ცდილობენ, ხელი შეუშალონ არჩევნების ლეგიტიმაციას
უცხოეთიდან დაფინანსებულმა ენჯეოებმა ორჯერ სცადეს, დაპირისპირებოდნენ კონსტიტუციურ წყობილებას ამ ქვეყანაში, ახლა აქვთ მესამე მცდელობა – იგივე უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოები ცდილობენ, ხელი შეუშალონ არჩევნების ლეგიტიმაციას და ეს არის უკვე მესამე დაპირისპირება კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ოთხი წლის განმავლობაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ POSTV-სთან ინტერვიუში განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე და აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს კანონის კონტექსტისა და შინაარსის საწინააღმდეგო არცერთი არგუმენტი არ მოუსმენია.
„არგუმენტების გარეშე საუბარი ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. დავიწყოთ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით – წარმოადგინონ განსხვავებული მოსაზრება, თუ აქვთ კონტექსტთან დაკავშირებით. უცხოეთიდან დაფინანსებულმა „ენჯეოებმა“ ორჯერ სცადეს, დაპირისპირებოდნენ კონსტიტუციურ წყობილებას ამ ქვეყანაში, ვიდრე დავაინიცირებდით „გამჭვირვალობის შესახებ კანონს“. 2020-2021 წლებში მათ ჰქონდათ ხელისუფლების ცვლილების, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების სურვილი. სწორედ მათ მოუმზადეს საფუძველი არჩევნების არალეგიტიმურად გამოცხადების კამპანიას, რაც, საბედნიეროდ, ვერ შეძლეს. მათ მოუმზადეს საფუძველი მოლაპარაკებებს, მიშელის შეთანხმების ხელმოწერას. ამ შეთანხმების მთავარი მიზანი იყო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებამდე ქვეყნის მიყვანა, რასაც ვერ მიაღწიეს, მაგრამ მცდელობა დარჩა ფაქტად; მეორე – როდესაც 2022 წელს უსამართლოდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე უარი გვეთქვა კანდიდატის სტატუსზე, ისინი პირდაპირ ავიდნენ პოლიტიკურ სცენაზე, მოითხოვეს მთავრობის გადადგომა, რაც ვერანაირად ვერ იქნება განხილული „ენჯეოს“ საქმედ და მოითხოვეს საკუთარი მონაწილეობით ახალი მთავრობის ფორმირება. ეს არის კონტექსტი. თუ ვინმე დაგვისაბუთებს, რომ ეს არის ჯანსაღი მოვლენა, როდესაც უცხოური ფულით შენ ცდილობ მთავრობის შეცვლას, ღიად და გამოხატულად, მაშინ, კი ბატონო, ავწევთ ორივე ხელს, მაგრამ ჯერ იმაზე ვიმსჯელოთ, არის თუ არა ეს ჯანსაღი მოვლენა, როდესაც უცხოური ფულით კონკრეტული ადამიანები ითხოვენ მთავრობის შეცვლას და საკუთარი მონაწილეობით მთავრობის ფორმირებას. რაც შეეხება კანონის შინაარსს, ერთადერთი, რასაც ითვალისწინებს ეს კანონი, არის გამჭვირვალობა, ისიც მინიმალური სტანდარტით. წელიწადში ერთხელ „ენჯეოებმა“ უნდა წარადგინონ საკუთარი ყოველწლიური დეკლარაცია იუსტიციის სამინისტროში. თუ არ წარადგენენ, თუ უხეშად მოეპყრობიან კანონმდებლობას, იქაც მინიმალური სანქციები, ჯარიმებია მხოლოდ გათვალისწინებული. არავითარი ჭარბი კონტროლის მექანიზმები, არავითარი ჩარევის შესაძლებლობა, არავითარი შეზღუდვა, რაც შეიძლება მოქმედებდეს არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ, ამ კანონით არ არის გათვალისწინებული. ანუ, სამართლებრივ ნაწილთან დაკავშირებით ობიექტურად არანაირი არგუმენტი არ არსებობს. ჩვენ არავითარი ღირებული არგუმენტი არ მოგვისმენია. მე პირადად შევთავაზე, მათ შორის, ჩვენს ოპონენტებს, დიპლომატებს, ახალგაზრდებს, რომლებიც ქუჩაში გამოდიოდნენ, დავმსხდარიყავით, გვემსჯელა ამ კანონთან დაკავშირებით. ყველამ უარი თქვა ან ყველას ათქმევინეს უარი“, – განაცხადა პრემიერმა.