ირაკლი კობახიძე - უახლოეს დღეებში შეგვიძლია, დავაორგანიზოთ შეხვედრა, სადაც ჭირისუფლები, ყველა დაინტერესებული პირი გაეცნობა შოვში მომხდარი ტრაგედიის გამოძიების დეტალებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უახლოეს დღეებში გაიმართება შეხვედრა, სადაც შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრები და ყველა დაინტერესებული პირი ტრაგედიის გამოძიების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ, მოუსმინონ ექსპერტებსაც და დასვან კითხვები.
„დღესაც შევპირდი ჭირისუფლებს, რომ უახლოეს დღეებში შეგვიძლია, დავაორგანიზოთ შეხვედრა, სადაც ჭირისუფლები, ყველა დაინტერესებული პირი გაეცნობა ინფორმაციას გამოძიების დეტალებზე, მათ შორის, ექნებათ იმის საშუალება, რომ ექსპერტებს მოუსმინონ. დამატებითი კითხვები თუ ექნებათ, ამ დამატებით კითხვებსაც ჩავუღრმავდებით. უკვე გავეცი დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ უახლოეს მომავალში ასეთი შეხვედრა აუცილებლად შედგება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შოვის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა. გასული წლის 3 აგვისტოს ჩამოწოლილ მეწყერს 33 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 32-ის ცხედარია ნაპოვნი.