ირაკლი კობახიძე - უახლოეს დღეებში მკაფიო ზღვარი გაევლება ჯანსაღ და არაჯანსაღ ოპოზიციურ პარტიებს შორის, ოპოზიციური პარტიები წარმოდგენილი იქნებიან პარლამენტში
ძალიან ბევრი პარტია და პოლიტიკოსი მოექცა სააკაშვილის, გვარამიასა და ბოკერიას ბულინგისა და შანტაჟის ქვეშ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ეს არის ძალიან მძიმე მოვლენა და მეტყველებს იმ არაჯანსაღ პროცესებზე, რომელიც ზოგადად, ოპოზიციაში ვითარდება“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, პარლამენტის პირველი სხდომა მხოლოდ მმართველი პარტიის მონაწილეობით წარიმართა, მაგრამ ეს სურათი უახლოეს მომავალში აუცილებლად შეიცვლება, რადგან არსებობს ყველანაირი რესურსი, რომ ეს ვითარება შეიცვალოს.
„უახლოეს დღეებში მკაფიო ზღვარი გაევლება ჯანსაღ და არაჯანსაღ ოპოზიციურ პარტიებს შორის და ეს სურათი აუცილებლად გამოჩნდება. იქნება ერთგვარი თვითლუსტრაცია და ამის საფუძველზე საქართველოს პარლამენტში სათანადო სურათს მივიღებთ. პროცესებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მეტი ინფორმაცია და ეს გვაძლევს საშუალებას, ვთქვათ, რომ ოპოზიციური პარტიები წარმოდგენილი იქნებიან პარლამენტში“, – განაცხადა კობახიძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არსებობს თუ არა კომუნიკაცია რიგ ოპოზიციურ პარტიებთან, რაც მას ოპტიმისტური განცხადებების გაკეთების საშუალებას აძლევს და შესაძლებელია თუ არა, მოლაპარაკებები მომავალი კვირიდან განახლდეს, კობახიძემ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ მზადაა, ჯანსაღ ოპოზიციასთან მოლაპარაკებები განაახლოს და საკმაოდ მაღალია იმის ალბათობა, რომ ეს მომავალი კვირიდან მოხდეს, თუმცა მმართველი გუნდი ფასილიტატორ ელჩებთან კონსულტაციებს დაელოდება.
„საქართველოს პარლამენტში იმ პათოლოგიური ადამიანების ადგილი არ არის, რომლებსაც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი და მოქმედებას დღესაც იმავე მოქმედებით აგრძელებენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ მთლიანად ორიენტირებული იმაზე, რომ პარლამენტში ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი იყოს წარმოდგენილი ოპოზიციის სახით და მათი დარწმუნებისთვის ძალიან ბევრ რამეს გავაკეთებთ. მათ შორის, კიდევ ერთხელ განვიხილავთ იმ წინადადებებს, რომელიც საარჩევნო რეფორმას უკავშირდებოდა“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს მოლაპარაკებებზე ისეთი ულტიმატუმები მიჰქონდათ, რომლებზეც იცოდნენ, რომ ობიექტური მიზეზების გამო ხელისუფლებას თანხმობა არ ექნებოდა.
„მათი საჯარო გზავნილებიდან და ყველაფრიდან პირდაპირ ჩანდა, რომ მათი თვითმიზანი მოლაპარაკებების ჩაშლა იყო. როდესაც მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი უნდა გაიმართოს და ერთი დღით ადრე შენი მთავარ პარტიული ტელევიზიის ეთერში იმ უმსგავსობას აწყობ, რაც მოაწყვეს, ეს რაზე მეტყველებს?! რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი ტელევიზიების ლიდერები პირდაპირ თავს დაესხნენ, როგორც აშშ-ის, ისე ევროკავშირის ელჩს და შეურაცხყოფა მიაყენეს. როცა ამ უმსგავსობას აწყობ, ბუნებრივია, ყველასთვის ცხადია, რომ მათი თვითმიზანი მოლაპარაკებების ჩაშლა და მაგიდის აყირავება იყო. ესენი ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული პოლიტიკური ძალები არიან, ამიტომ უპირისპირდებიან ჩვენს მეგობარ ელჩებს და დღესაც ამიტომ დაუპირისპირდნენ საქართველოს პარლამენტს, პლენარულ სხდომათა დარბაზში არ მოსვლით“, – განაცხადა კობახიძემ.
კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილი, გვარამია, ბოკერია და უგულავა დამნაშავე პოლიტიკოსები არიან, რომლებსაც ხელისუფლებაში ყოფნის ცხრა წლის განმავლობაში უამრავი დანაშაული მიუძღვით და ოპოზიციის რიგებიდან დღესაც აგრძელებენ დანაშაულებრივ საქმიანობას, დემოკრატიისა და ქვეყნის დასავლური კურსის წინააღმდეგ.
„მათ ეს არ შერჩებათ და ამ თვალსაზრისით, მათ მიმართ პრინციპული ვიქნებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.