ირაკლი კობახიძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ პარლამენტის სხდომაზე უცენზურო სიტყვა გამოიყენა
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ პარლამენტის სხდომაზე უცენზურო სიტყვა გამოიყენა.
ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძემ სხდომაზე უცენზურო სიტყვა გამოიყენა თავდაპირველად „რუსთავი 2“-მა გაავრცელა. პლენარულ სხდომაზე კი, აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ირმა ნადირაშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამის შესახებ ტელევიზორში მოისმინა. მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე ასე არ უნდა იქცეოდეს. დეპუტატ გიგა ბოკერიას თქმით, მსგავსი უხერხულობის დროს ბოდიშს იხდიან.
ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს მოგვიანებით უპასუხა და განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია ტყუილია.
„ვერ გავიგე ირმა ნადირაშვილი და გიგა ბოკერია რას გულისხმობდნენ. ახლა ვნახე, თურმე უყურებენ „რუსთავი 2“-ს. გამიკვირდა, როგორ უყურებენ „რუსთავი 2“-ს. გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი. მსგავსი რამ არ მითქვამს. ჩემი კოლეგები დამემოწმებიან, რომ ეს სიტყვა ცხოვრებაში არ გამომიყენებია, განსხვავებით იმ ტელევიზიის დირექტორისგან, რომელსაც ირმა ნადირაშვილი და გიგა ბოკერია უყურებენ. ეს არის ტყუილი და ასეთ ტყუილებს ნუ ავრცელებთ პლენარულ სხდომებზე, ეს არის ჩემი თხოვნა. ეს არის ტყუილი და ნიკა გვარამიას ხელწერა. ნიკა გვარამია „ჩემი შენ გითხარი“ პრინციპის მიხედვით მოქმედებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.