საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ალი ქაან ორბაის შეხვდა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს.
„ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე, მათ შორის განიხილეს რეგიონულ-გეოსტრატეგიულ პროექტებში საქართველოსა და თურქეთის აქტიური თანამშრომლობა. აღინიშნა, რომ არსებული რეგიონული პროექტები ორ ქვეყანას შორის ეფექტიანი და საიმედო პარტნიორობის ნათელი მაგალითია.
განიხილეს ასევე რეგიონში არსებული ვითარება. ხაზი გაესვა რეგიონის შემდგომი განვითარებისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.
აღინიშნა, რომ საქართველო აფასებს თურქეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.