ირაკლი კობახიძე - თუ ვინმე უსამართლო რამეს გეუბნება, სჭირდება პასუხის გაცემა, ამაში ანტიევროპული არაფერია, ანტიევროპული არის, როცა ვიღაცები ახერხებენ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ფაქტების დამახინჯებას
ირაკლი კობახიძე - თუ ვინმე უსამართლო რამეს გეუბნება, სჭირდება პასუხის გაცემა, ამაში ანტიევროპული არაფერია, ანტიევროპული არის, როცა ვიღაცები ახერხებენ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ფაქტების დამახინჯებას

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ყველამ იცის, რომ საქართველო ყველა პარამეტრითა და კრიტერიუმით წინ უსწრებს როგორც უკრაინას, ასევე მოლდოვას.

„ეს შეეხება დემოკრატიას, სამართლის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, კორუფციასთან ბრძოლას. ამ კუთხით საქართველო ბევრად უსწრებს წინ როგორც ერთ, ასევე მეორე ქვეყანას. იგივე ეხება ეკონომიკურ ასპექტს, ეკონომიკურ თანამშრომლობას ყველა მიმართულებით. ჩვენ გვაქვს უპირატესობა, როგორც უკრაინასთან, ასევე მოლდოვასთან მიმართებით. ეს არის ფაქტები, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა დეტალზე შეგვიძლია მსჯელობა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, პრეზიდენტის შესაბამისი განცხადება არის ზოგადი და ყოველგვარი არგუმენტების გარეშე.

„ჩვენ მზად ვართ ყველასთან დისკუსიისთვის, მათ შორის პრეზიდენტთან. ჩვენ ფაქტებით და არგუმენტებით შეგვიძლია დამტკიცება, რომ წინ ვუსწრებთ როგორც ერთ, ასევე მეორე ქვეყანას. დანარჩენი არის ე.წ. აღქმები. რა თქმა უნდა, ამ მხრივ აღქმების საფუძველზე ვერ გაკეთდება დასკვნები, დასკვნების საფუძველი უნდა იყოს ფაქტები და არა აღქმები. შესაბამისად, დისკუსიისთვის ყველასთან ვართ მზად. თუმცა, პრეზიდენტმა აქვე თავად გააკრიტიკა ის რეზოლუცია, რომელიც მიიღო ევროპარლამენტმა, თქვა, რომ იქ არის გაპარული ხარვეზები, არის არასწორი მსჯელობა და ა.შ. ესეც შეიძლება, ვიღაცამ ჩათვალოს ანტიევროპულ რიტორიკად, სინამდვილეში, თუ ვინმე გეუბნება უსამართლო რამეს, რა თქმა უნდა, ამაში სჭირდება პასუხის გაცემა და როდესაც ვიღაც არის „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობარი, ჩვენ გვმართებს იმის თქმა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მეგობარი ვერ იქნება საქართველოს მეგობარი. ამაში არაფერი ანტიევროპული არ არის, ანტიევროპული არის ის, როდესაც ვიღაცები ახერხებენ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ფაქტების დამახინჯებას და ტყუილების შეპარებას“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის განმარტებით, თავისთავად ფაქტია, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო წამოიჭრა კანდიდატის სტატუსის საკითხი.

„რა თქმა უნდა, ეს ფაქტია, ანუ, რომ არ ყოფილიყო ომი უკრაინაში, არ იქნებოდა შეთავაზება უკრაინის მიმართ და თქვენ როგორც მოგეხსენებათ, საქართველომ და მოლდოვამ ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება განაცხადის წარდგენის თაობაზე. ანუ, ეს არის ფაქტობრივი მოცემულობა, რომ ჯერ იყო უკრაინაში ომი, ამის საფუძველზე შესთავაზეს უკრაინას განაცხადის წარდგენა და ამას მიყვა შემდეგ ჩვენი განაცხადი. ეს არის ფაქტი. რაც შეეხება უკრაინისა და საქართველოს შედარებას ამ კონტექსტში, ეს არ არის სწორი და არასწორია ამ პარალელის გავლება, მათ შორის ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ომის გამო იმსახურებს უკრაინა კანდიდატის სტატუსს. ომი არის ის, რაც არის უკრაინაში არსებული მდგომარეობა, ძალიან სამწუხარო და თქვენ ხედავთ, რომ ძალიან მძიმე შედეგები აქვს ამას უკრაინისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ეს სცენარი თავიდან ავარიდოთ ჩვენს ქვეყანას და არასწორია ამ შემთხვევაში მსჯელობა იმაზე, რომ აუცილებლდ ომი უნდა გაჩაღდეს ქვეყანაში იმისთვის, რომ მან მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამ კონტექსტში უკრაინისა და საქართველოს ერთმანეთთან შედარება არის პრინციპულად არასწორი“, – განაცხადა კობახიძემ.