ირაკლი კობახიძე - თუ შეჩერების კანონპროექტის მიღებით შეუძლებელი გახდება სასამართლოს ფუნქციონირება, რთული იქნება მისი მხარდაჭერა
თუ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების კანონპროექტის მიღებით იმდენად შემცირდება მოსამართლეთა რაოდენობა, რომ საერთოდ შეუძლებელი გახდება სასამართლოს ფუნქციონირება, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, რთული იქნება მისი მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„უნდა ჩავიხედოთ სიღრმეში, რას გამოიწვევს ამ კანონპროექტის ამოქმედება სასამართლო სისტემაში. მაგალითად, იცით, რომ დაახლოებით 300 მოსამართლეა სასამართლო სისტემაში და ამ პირობებშიც უჭირს სასამართლოს მუშაობა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც იკვეთება მართლმსაჯულებაში, მდგომარეობს იმაში, რომ საქმეებს განხილვას სჭირდება დიდი დრო, რადგან მოსამართლეთა რაოდენობა არის საკმაოდ მცირე. ვნახოთ, რას გამოიწვევს ეს კანონპროექტი მისი მიღების შემთხვევაში. თუ იმდენად შემცირდება მოსამართლეთა რაოდენობა, რომ საერთოდ შეუძლებელი გახდება სასამართლოს ფუნქციონირება, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია, რთული იქნება მისი მხარდაჭერა. ყველაფერს ვნახავთ, ავწონ-დავწონით და ამის საფუძველზე კოლეგებთან ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.