ირაკლი კობახიძე - თუ პარტია უდიერად ეპყრობა საკუთარი ამომრჩევლის ნებას და უარს ამბობს მანდატებზე, მას უარი უნდა ეთქვას სახელმწიფო დაფინანსებაზე
კარგი იქნება კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, რომლის მიხედვით, თუ პარტია უდიერად ეპყრობა საკუთარი ამომრჩევლის ნებას და უარს ამბობს მანდატებზე, მას უარი უნდა ეთქვას სახელმწიფო დაფინანსებაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის თქმით, აღნიშნულ საკითხზე პარლამენტი სავარაუდოდ იმსჯელებს.
„რაც შეეხება დაფინანსების საკითხს, რა თქმა უნდა, ლოგიკურია მსჯელობა, რომ თუ პარტია უარს აცხადებს იმ პრივილეგიით სარგებლობაზე, რომელიც მას ხალხმა, მისმა ამომრჩეველმა მიანიჭა, ამ შემთხვევაში, ბუნებრივია მან არ უნდა მიიღოს არც ის სხვა პრივილეგიები, რომელიც უკავშირდება არჩევნებს და მანდატს. ეს არის მათ შორის სახელმწიფო დაფინანსება. ამასთან დაკავშირებით, ბუნებრივია კარგი იქნება კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა, რომლის მიხედვით, თუ პარტია უდიერად ეპყრობა საკუთარი ამომრჩევლის ნებას და უარს ამბობს მანდატებზე, მას უარი უნდა ეთქვას სახელმწიფო დაფინანსებაზე. ამაზე პარლამენტი, ალბათ იმსჯელებს“, – განაცხადა კობახიძემ.