ირაკლი კობახიძე - თუ ოპოზიციის მხრიდან არ იქნება პროვოკაციები, საარჩევნო პროცესი მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში გაგრძელდება
თუ ოპოზიციის მხრიდან დაცული იქნება სტანდარტები, არ იქნება პროვოკაციები, ამ შემთხვევაში, საარჩევნო პროცესი და არჩევნები გაგრძელდება ზუსტად ისეთივე მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში, როგორ პროცესადაც წარმოგვედგინა არჩევნები დღემდე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ თავისი მხარდამჭერებითა და აქტივისტებით თითოეულ რეგულაციას დაიცავს.
„საარჩევნო ეთიკის კოდექსის გაფორმების თაობაზე საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივას მხარს თავიდანვე ვუჭერდით. უფრო მეტიც, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს რამდენიმე კონკრეტული ინიციატივა შევთავაზეთ, მათ შორის პერიმეტრის საკითხთან დაკავშირებით და ბევრ სხვა რეგულაციაზე. შესაბამისად, ქცევის კოდექსის შემუშავებაში აქტიურად ვიყავით ჩართულები. იცით, რომ დღეს, ქცევის კოდექსს ხელი ოფიციალურად მოვაწერეთ, რომელიც შემუშავებულა საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივით. ჩვენი მოწოდებაა ოპოზიციის მიმართ, რომ ხელი მათაც მოაწერონ. ჩვენ ვართ მთლიანად პასუხისმგებელი, რომ „ქართული ოცნება“ თავისი მხარდამჭერებითა და აქტივისტებით თითოეულ რეგულაციას მიჰყვება, რომელიც ასახულია ქცევის კოდექსში და ოპოზიციის წარმომადგენლებსაც ამისკენ მოვუწოდებთ. თუ მათი მხრიდან დაცული იქნება სტანდარტები, არ იქნება პროვოკაციები, ამ შემთხვევაში, საარჩევნო პროცესი და არჩევნები გაგრძელდება ზუსტად ისეთივე მშვიდ და კონსტრუქციულ გარემოში, როგორ პროცესადაც წარმოგვედგინა არჩევნები დღემდე“, – განაცხადა კობახიძემ.
როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი ეხება ფეიკნიუსების გავრცელების პრევენციას, გამჭვირვალე წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების უმაღლესი სტანდარტით ჩატარების გარანტიებს და სხვა მნიშვნელოვან თემებს.