ირაკლი კობახიძე - ლიდერებს, რომლებიც იყვნენ „დაიცავი საქართველოს“ შეკრებაზე, 3-პროცენტიანი ბარიერის გადალახვაც გაუჭირდებათ
3-პროცენტიანი ბარიერის პირობებში მაღალი ცდუნებაა, რომ კონკრეტულმა ადამიანებმა ახალი პარტიები ჩამოაყალიბონ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომლებმაც „დაიცავი საქართველოს“ 13 აპრილს გამართული შეკრების შეფასება სთხოვეს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, უფრო მარტივია 3-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა, ვიდრე 5-პროცენტის.
„თუ გაჯანსაღდება ოპოზიციური სპექტრი, მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ქართული დემოკრატიის განვითარებას, თუმცა ასეთი სახეებით, ბუნებრივია, ვერც ერთი პარტია ვერ შეიტანს წვლილს დემოკრატიული სისტემების განვითარებაში. ზოგად სურათს თუ ნახავდით, ლიდერებს, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ დარბაზში, აშკარაა, რომ ამ გაერთიანებას ძალიან გაუჭირდება 3-პროცენტიანი ბარიერის გადალახვაც კი. როდესაც მინუს პროცენტებით იწყებ, ამ სახეებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, 3 პროცენტამდე ასვლა არის ძალიან რთული. ძალიან ხშირად ჭარბობს ხოლმე სუბიექტური ინტერესები, როდესაც ასეთ პროცესებს ვაკვირდებით. ამის ნაკლებობა იქ არ არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, თითოეული მოქალაქის ინტერესშია, რომ ჯანსაღი ოპოზიციური პარტიები ჩამოყალიბდნენ, გაჩნდეს ახალი პარტიები.
„დღეს ოპოზიციაში არაჯანსაღი ვითარებაა, თითქმის მონოპოლიზებული აქვს ოპოზიციური ნიშა „ნაციონალურ მოძრაობას“, პარტიას, რომელსაც უმძიმესი წარსული აქვს. აქედან გამომდინარე, თითოეული ჩვენგანის ინტერესში უნდა იყოს ჯანსაღი ოპოზიციური პარტიების გაჩენა, რომელიც ამ ნიშას წაართმევს ამ ძალას. აქედან გამომდინარე, მივესალმებით ჯანსაღი ოპოზიციური პარტიის გაჩენას, თუმცა ასეთი სახეებით ძალიან გაუჭირდება ამ პოლიტიკურ პარტიას 3-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.