ირაკლი კობახიძე - თუ დავრწმუნდებით, რომ კანონპროექტმა შეიძლება, არალეგალური გზით ნარკოტიკების მიმოქცევა წაახალისოს, კანონპროექტი გაწვეული იქნება
მცენარე კანაფის წარმოების შესახებ კანონპროექტის განხილვის შეჩერების გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტში იმ ვნებათაღელვიდან გამომდინარე მივიღეთ, რომელიც საზოგადოებაში ამ საკითხმა გამოიწვია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ვნებათაღელვა მოსალოდნელი იყო, რადგან საქმე ეხება მცენარეს, რომელიც სხვა კუთხით მოხმარებისთვისაც არის განკუთვნილი.
„კიდევ ერთხელ მინდა, შევახსენო საზოგადოებას ჩვენი გადაწყვეტილების თაობაზე, რომელიც ეხება კანაფის მცენარის წარმოებას, სამედიცინო და ასევე, სამეწარმეო მიზნებისთვის. მივიღეთ ამ კანონპროექტის განხილვის შეჩერების გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტში, გამომდინარე ვნებათაღელვიდან, რომელიც გამოიწვია ამ საკითხმა საზოგადოებაში. ეს ვნებათაღელვა იყო მოსალოდნელი, რადგან საქმე ეხება მცენარეს, რომელიც სხვა კუთხით მოხმარებისთვისაც არის განკუთვნილი. ნარკოტიკული თრობისთვის შეიძლება, იყოს განკუთვნილი. შესაბამისად, ჩვენთვის გასაგებია საზოგადოების ემოციური დამოკიდებულება“, – განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ხელისუფლების მიზანი იყო, აღნიშნული მცენარე სამეწარმეო მიზნებისთვის გამოეყენებინა და სწორედ ეს არის ასახული კანონპროექტში.
„ჩვენ გვქონდა მიზანი, რომ სამეწარმეო მიზნებისთვის გამოგვეყენებინა ეს მცენარე და ეს არის ასახული კანონპროექტში, რომელიც არის წარმოდგენილი. თუმცა, თუ არსებობს საზოგადოებაში კითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ამ კანონპროექტმა შეიძლება, წაახალისოს არალეგალური გზით ნარკოტიკების მიმოქცევა, არაპირდაპირი ფორმით, ჩვენ მზად ვართ კონსულტაციებისთვის და თუ ამაში ყველა ერთად დავრწმუნდებით, ამ შემთხვევაში, მოხდება კანონპროექტის გამოწვევა“, – განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ მადლიერება გამოხატა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს მიმართ მისი დამოკიდებულებისთვის.
„ჩვენთვის მთავარია, ვუსმენთ საზოგადოებას, ვუსმენთ ეკლესიას და განსაკუთრებულ პატივისცემას გამოვხატავთ ეკლესიის მიმართ. მინდა, განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო კიდევ ერთხელ პატრიარქის მიმართ, მისი განცხადებისთვის და ზოგადად, მისი დამოკიდებულებისთვის, რომელიც გამომჟღავნდა ბოლო განცხადებაში. მათ შორის, ის ყოველთვის იღებდა ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც იყო ქვეყნის ინტერესებში, საზოგადოების ინტერესებში და ჩვენთვის მნიშნველოვანია, განსაკუთრებული გულისხმიერებით მოვეკიდოთ პატრიარქის პოზიციას და პატრიარქის ნებისმიერ მოსაზრებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, მან საზოგადოებას მოუწოდა თავი შეიკავონ კანაფის წარმოების შესახებ კანონპროექტზე ემოციური პოლემიკისგან.
„მინდა, საზოგადოებას მოვუწოდო და ვთხოვო, რომ თავი შეიკავონ მცენარე კანაფის კანონპროექტის საკითხზე ემოციური პოლემიკის გაგრძელებისგან. ეს არის ჩვენი თხოვნა და ჩვენი სახელით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ამ ემოციურ პოლემიკაში არ ჩავერთვებით, ვიდრე არ გაგრძელდება კონსულტაციები და ვიდრე, ამ კონსულტაციების საფუძველზე არ მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილება“, – განაცხადა პარლამენტის თავამჯდომარე ირაკლი კობახიძემ.