ირაკლი კობახიძე - თუ დავინახავთ, რომ მაღაროელებსა და კომპანიას შორის მოლაპარაკებები ჩიხში შედის, მყისიერად ჩავერთვებით
თუ დავინახავთ, რომ მაღაროელებსა და კომპანიას შორის მოლაპარაკებები ჩიხში შედის, მყისიერად ჩავერთვებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ შეთანხმების მიღწევა დღემდე ვერ მოხერხდა, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება.
„ჩვენც გვქონდა შეხვედრა მაღაროელებთან, როდესაც ჭიათურაში პარტიის გენერალურ და პოლიტიკურ მდივანთან ერთად ვიყავი. მაღაროელებს თანადგომასა და მხარდაჭერას დავპირდით იმ მოლაპარაკებებში, რომელიც კომპანიასთან წარმოებს. სამწუხაროა, რომ შეთანხმების მიღწევა დღემდე ვერ მოხერხდა, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მაშინაც განვაცხადეთ და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ საქმეში დამატებით ნებისმიერ დროს ჩავერთვებით. თუ დავინახავთ, რომ მოლაპარაკებები ჩიხში შედის, მყისიერად ჩავერთვებით. მაქსიმუმ ორი-სამი დღე უნდა დაველოდოთ. ჯერ კიდევ იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და კომპანია და მაღაროელები შეთანხმებას მიაღწევენ. თუ ეს ვერ მოხერხდა, ჩვენ საქმეში მყისიერად ჩავერთვებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.