ირაკლი კობახიძე - თუ ჩავთვლით, რომ მუხთარლის საქმეზე გამოძიება კითხვებს პასუხებს ვერ სცემს, შეგვიძლია, დამატებით მექანიზმებზე ვიფიქროთ
აფგან მუხთარლის შემთხვევა იყო ძალიან პრობლემური და მნიშვნელოვანია, გამოძიება მივიდეს ბოლომდე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია, რომ აფგან მუხთარლის საქმეს ნათელი მოეფინოს.
„რაც შეეხება მუხთარლის ბოლო განცხადებებს, ეს არის ძალიან სამწუხარო, იმ პირობებში როდესაც ინფორმაცია არ არსებობს თუ რა მოხდა და როგორ მოხდა. სამწუხაროა, რომ წინასწარ კეთდება კონკრეტული განცხადებები საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობის თაობაზე”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, სამწუხაროა, როდესაც კონკრეტული საფუძვლის გარეშე კეთდება განცხადებები, ამან შეიძლება ზოგადი ეჭვები გააჩინოს.
“საქართველოს პარლამენტის ინტერესებშია აფგან მუხთარლის საქმეს ბოლომდე მოეფინოს ნათელი. ჩვენ ვთქვით, რომ დაველოდებოდით გამოძიების შედეგებს. იმ შემთხვევაში თუ ჩავთვლით, რომ გამოძიება ბოლომდე ვერ სცემს პასუხებს დასმულ კითხვებს, ჩვენ შეგვიძლია, ვიფიქროთ დამატებითი მექანიზმების ამოქმედებაზე, ვგულისხმობ ზედამხედველობას ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში”, – განაცხადა კობახიძემ.