ირაკლი კობახიძე - ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მიღწეულ პროგრესს ყველა საერთაშორისო შეფასება მოწმობს
გრძელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება, ბაზების, ყაზარმებისა და სხვა საპოლიციო შენობების მშენებლობა-კეთილმოწყობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში სამინისტროს ავტოპარკი 655 ერთეული ავტოტრანსპორტით განახლდა.
„მნიშვნელოვნად გაძლიერდა სასაზღვრო პოლიციის ავიაციის შესაძლებლობები – დაემატა ორი თანამედროვე, ევროპული ტიპის H 145 ვერტმფრენი, რომლებიც აღჭურვილია სამაშველო საშუალებებით და გამორჩეულია სიმაღლეზე ოპერირების შესაძლებლობებით. ცალკე აღვნიშნავ, რომ ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს მოწმობს ყველა საერთაშორისო შეფასება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გასული წლის ანგარიშის თანახმად, ტრეფიკინგის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და მსოფლიოს მასშტაბით 188 ქვეყანას შორის, უკვე მე-8 წელია, ინარჩუნებს ადგილს ე.წ. პირველ კალათაში. გასული წლის გლობალური ინდექსის თანახმად, საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ გაწეული ძალისხმევით 160 ქვეყანას შორის – მე-14 ადგილს, ხოლო რეგიონში პირველ ადგილს იკავებს. ასევე ცალკე აღვნიშნავ, რომ გასულ წელს თბილისში დაიწყო „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა. შენდება შვიდი მრავალსართულიანი კორპუსი; ბინას 1 000-მდე პოლიციელი მიიღებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ანალოგიურად, გრძელდებოდა აქტიური მუშაობა სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებების – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, დაზვერვის სამსახურისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურების შესაძლებლობების გაძლიერებაზე და ამ სამსახურების შემდგომი განვითარება დარჩება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად.