ირაკლი კობახიძე - ტრამპი თუ გაიმარჯვებს, უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება და, შესაბამისად, დამშვიდდება ჩვენი რეგიონი, რაც დამოკიდებულებას შეცვლის კონკრეტულად საქართველოს მიმართაც
ირაკლი კობახიძე - ტრამპი თუ გაიმარჯვებს, უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება და, შესაბამისად, დამშვიდდება ჩვენი რეგიონი, რაც დამოკიდებულებას შეცვლის კონკრეტულად საქართველოს მიმართაც

ტრამპი თუ გაიმარჯვებს არჩევნებში, უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება და, შესაბამისად, უფრო მალე დამშვიდდება ჩვენი რეგიონი, რაც შეცვლის დამოკიდებულებას კონკრეტულად საქართველოს მიმართაც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ამერიკელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება აშშ-ის პრეზიდენტი.

„პირველ რიგში, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერავის არჩევნებში ვერ ჩავერევით. მით უმეტეს, ამხელა ქვეყნის, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ვერანაირად ვერ ჩავერევით, ეს არ არის ჩვენი საქმე. ერთადერთი, რაც შეიძლება, ითქვას, ტრამპი თუ გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, უკრაინაში ომი უფრო მალე დასრულდება და, შესაბამისად, უფრო მალე დამშვიდდება ჩვენი რეგიონი, რაც შეცვლის დამოკიდებულებას კონკრეტულად საქართველოს მიმართაც. თუ იქნება მშვიდობა რეგიონში, საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაც შეიცვლება. ეს არის ერთადერთი, რაც შეიძლება, ითქვას ამასთან დაკავშირებით. დანარჩენი არის ამერიკელი ხალხის არჩევანი. ამერიკელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება აშშ-ის პრეზიდენტი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჯო ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან თავისი კანდიდატურა მოხსნა და განაცხადა, რომ მხარს უჭერს დემოკრატების კანდიდატად ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის ნომინირებას.

ამასთან, ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ „კამალა ჰარისის დამარცხება უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ბაიდენის“.