ირაკლი კობახიძე - თეორიულად თუ დავუშვებთ, რომ რომელიმე დეპუტატმა ხმა არ მისცა საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს იქნება ღია გარიგება „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ამას ალბათ, არც ერთი დეპუტატი არ გარისკავს
ირაკლი კობახიძე - თეორიულად თუ დავუშვებთ, რომ რომელიმე დეპუტატმა ხმა არ მისცა საკონსტიტუციო ცვლილებებს, ეს იქნება ღია გარიგება „ნაციონალურ მოძრაობასთან“, ამას ალბათ, არც ერთი დეპუტატი არ გარისკავს

დარწმუნებული ვარ, დღეს ამ პროექტს ექნება მყარი მხარდაჭერა იმ დეპუტატების მხრიდან, რომლებმაც დოკუმენტს მეორე მოსმენისას ხმა მისცეს, – ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით კენჭისყრასთან დაკავშირებით განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ის ფიქრობს, რომ ცვლილებები ასეთივე მხარდაჭერით იქნება მიღებული მესამე მოსმენით, რაც იქნება ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი ქართული დემოკრატიისთვის.

კობახიძე დეპუტატებს ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

„ეს არის მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მათ არაერთგზის მოუწოდეს ელჩებმა, რომ მხარი დაეჭირათ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის, თუმცა ისინი ღიად უპირისპირდებიან ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, ელჩებს. ბუნებრივია, მათ ამისთვის დაეკისრებათ საკმაოდ მძიმე პოლიტიკური პასუხისმგებლობა. თეორიულად თუ დავუშვებთ, რომ რომელიმე დეპუტატმა ხმა არ მისცეს, ეს იქნება ღია გარიგებაში შესვლა „ნაციონალურ მოძრაობასთან“. ამას ალბათ, არც ერთი დეპუტატი არ გარისკავს. აქედან გამომდინარე, არავითარი რისკის ქვეშ არ დგას საკონსტიტუციო ცვლილებები“,- განაცხადა კობახიძემ.

საკანონმდებლო ორგანოში საკონტიტუციო ცვლილებების მესამე და საბოლოო კენჭისყრა დღეს გაიმართება.