ირაკლი კობახიძე - თეორიულად, საქართველოში ლიბერალურ ფაშიზმს რომ გაემარჯვა, შეფასებები ალბათ იქნებოდა ბევრად უფრო სწრაფი, პიტერ სიიარტოს მინიშნება რელევანტურია
ირაკლი კობახიძე - თეორიულად, საქართველოში ლიბერალურ ფაშიზმს რომ გაემარჯვა, შეფასებები ალბათ იქნებოდა ბევრად უფრო სწრაფი, პიტერ სიიარტოს მინიშნება რელევანტურია

თეორიულად რომ გაემარჯვა საქართველოში ლიბერალურ ფაშიზმს, ამ შემთხვევაში ალბათ შეფასებები იქნებოდა ბევრად უფრო სწრაფი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მინიშნება, რომელიც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ გააკეთა ლიბერალურ და კონსერვატიულ ძალასთან დაკავშირებით, რელევანტურია.

„გახსოვთ, 2008 წელს, როცა ტოტალურად გაყალბდა საპრეზიდენტო არჩევნები, მაშინ ძალიან სწრაფი დადებითი შეფასებები გაკეთდა ტოტალურად გაყალბებული არჩევნების შესახებ. მინიშნება, რაც გააკეთა ბატონმა სიიარტომ, არის აბსოლუტურად რელევანტური“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოს განცხადებით, არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას არ უთქვამს, რომ საქართველოში არჩევნები არ იყო თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული.

„სუვერენიტეტის მომხრეები თუ იმარჯვებენ, მაშინ არის პრობლემები დემოკრატიასთან, ლიბერალები თუ იგებენ, ყველაფერი კარგადაა და მზე ანათებს“, – განაცხადა სიიარტომ, რომელიც საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან და დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.