ირაკლი კობახიძე - თეა წულუკიანის საქციელი იყო მარტივი პერფორმანსი, ვფიქრობ, მიკროფონს დააბრუნებს, ნუ დარდობთ
თეა წულუკიანის საქციელი იყო მარტივი პერფორმანსი. მგონია, მიკროფონს დაგიბრუნებთ, ნუ დარდობთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
რაც შეეხება თბილისში თვითნებურად პლაკატების გაკვრას, კობახიძემ განაცხადა, რომ ამაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებენ.
„თბილისში ეს პლაკატები კონკრეტულმა ადამიანებმა გამოაკრეს. ნახეთ, ამაზე რამდენად მძიმე რეაქცია ჰქონდათ ამ პლაკატებზე გამოსახულ პირებს. ამის მიზეზია მარტივი – ზუსტად იციან, რომ პლაკატზე რაც ეწერა, რეალურად სიმართლეა. ეს ხომ ჩვენ არ გაგვიკეთებია? შეგახსენებთ, პოსტერებზე ვინ გამოსახეს – ეს იყო სააკაშვილი, კეზერაშვილი, „ჭუტა“, გვარამია, მელაძე. თითოეული ეს ადამიანი იმით გამოირჩევიან, რომ არიან სიძულვილისა და აგრესიის მთავარი გამღვივებლები ამ ქვეყანაში. მგონი, ამ ადამიანებმა თავის თავს უნდა მოხედონ. მედია რა შუაშია? – პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ იმ პლაკატებზე, რომელიც ვიღაცამ გამოაკრა. მედია არაფერ შუაშია და ეს თქვენც კარგად იცით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, 22 ივლისს სენაკის თეატრში თეა წულუკიანმა „მთავარი არხის“ ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა. „მთავარმა არხმა“ საქმის გამოძიების მიზნით კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა. ასევე, „მთავარმა არხმა“ წულუკიანს მიმართა, დააბრუნოს მათი მიკროფონი.