ირაკლი კობახიძე - თბილისის აეროპორტს წელიწადში ოთხი მილიონი მგზავრის გატარება შეუძლია, ვაზიანის ახალი აეროპორტი 18 მილიონი მგზავრის გატარებას შეძლებს, ქუთაისის აეროპორტის რესურსი ხუთ მილიონამდე გაიზრდება
მგზავრთნაკადი იზრდება ჩვენს ქვეყანაში და ამას უნდა უპასუხოს აეროპორტების ინფრასტრუქტურამ, თბილისთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებაც იგეგმება და ახლა იწყება სამუშაოები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, თბილისის მოქმედ აეროპორტს წელიწადში ოთი მილიონი მგზავრის გატარება შეუძლია, ვაზიანის ახალი აეროპორტი 18 000 000 მგზავრის გატარებას შეძლებს. რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, პრემიერის თქმით, დღეს აეროპორტს 1 700 000 მგზავრის გატარება შეუძლია და მისი რესურსი ხუთ მილიონამდე გაიზრდება.
„ტურიზმიც მზარდია და ზოგადად, მგზავრთნაკადი იზრდება ჩვენს ქვეყანაში და ამას, რა თქმა უნდა, უნდა უპასუხოს აეროპორტების ინფრასტრუქტურამ. თბილისთან ერთად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებაც იგეგმება და ახლა იწყება სამუშაოები. ქუთაისის შემთხვევაში, დღეს თუ 1 700 000 მგზავრის გატარება შეუძლია ქუთაისის აეროპორტს, ხუთ მილიონამდე გაიზრდება ქუთაისის აეროპორტის რესურსიც, როცა ეს პროექტი დასრულდება.
რაც შეეხება თბილისს, თბილისის შემთხვევაში მოქმედ აეროპორტს შეუძლია მაქსიმუმ 4 000 000 მგზავრის გატარება წელიწადის განმავლობაში, რაც ვერ უპასუხებს მზარდ მოთხოვნას. ჩვენი მიზანია, რომ აშენდეს სრულიად ახალი ულტრათანამედროვე საერთაშორისო აეროპორტი, თბილისში, ვაზიანის ტერიტორიაზე, რომელიც შეძლებს 18 000 000 მგზავრის გატარებას. პირველი ფაზა დასრულდება 2029 წელს, რაც უკვე სრულიად სხვა შესაძლებლობებს მისცემს ჩვენს დედაქალაქს და მთლიანად ჩვენს ქვეყანას. ბევრი თვალსაზრისით გააძლიერებს ჩვენს ეკონომიკურ პოტენციალს“, – განაცხადა პრემიერმა.