ირაკლი კობახიძე - „თავდაცვის კოდექსი“ აუცილებლად იქნება მიღებული, რაც შეეხება ერთ ან მეორე „გირჩს“, როცა თან სოჭისკენ იქაჩები, თან „თავდაცვის კოდექსს“ ბლოკავ, ეს ყველაფერზე მეტყველებს
„თავდაცვის კოდექსი“ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას სჭირდება, რაც შეეხება ერთ ან მეორე „გირჩს“, როცა თან სოჭისკენ იქაჩები, თან „თავდაცვის კოდექსს“ ბლოკავ, ეს ყველაფერზე მეტყველებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი პარტია „თავდაცვის კოდექსის“ ირგვლივ განხილვებისთვის მზად არის.
„გაიმართება საპარლამენტო განხილვა, რამდენი დროც უნდა დასჭირდეს. ამ კოდექსის მიღება პრინციპულად მნიშვნელოვანია, რათა თავდაცვის სისტემა გაძლიერდეს. რაც შეეხება „გირჩს“ – ერთს, მეორეს, როცა თან სოჭისკენ იქაჩები და თან „თავდაცვის კოდექსს“ ბლოკავ, სარეზერვო სისტემას და გაწვევის სისტემას, ეს ყველაფერზე მეტყველებს, რომ ან იქ არ უნდა იქაჩებოდე, ან ეს არ უნდა დაბლოკო.
„თავდაცვის კოდექსი“ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას სჭირდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ მზად ვართ განხილვებისთვის და „თავდაცვის კოდექსი“ აუცილებლად იქნება მიღებული“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.