ირაკლი კობახიძე - თამარ ჟვანიას ჯილდო ეკუთვნის იმ შეურაცხყოფისთვის, რაც არჩევნების ღამეს მოითმინა
თამარ ჟვანია იმსახურებს თანადგომას, არა ჩვენი მხრიდან, არამედ თითოეული მოქალაქის მხრიდან, ვის ინტერესშიც არის ხმების სათანადოდ დაცვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, თამარ ჟვანიას მიმართ „აბსოლუტურად მდარე ტიპის უკულტურო ქცევა“ განხორციელდა.
„რაც შეეხება თამარ ჟვანიას, მას ეკუთვნის ჯილდო, რომ ითმენს იმ შეურაცხყოფებს, რაც განსაკუთრებით, არჩევნების ღამეს მოითმინა. ნახეთ ყოვლად უკულტურო ქცევა, რომლითაც გამოირჩეოდნენ „ნაცმოძრაობიდან“ და „ევროპული საქართველოდან“ მისივე კოლეგები, ცესკო-ს წევრები, ეს იყო აბსოლუტურად მდარე ტიპის უკულტურო ქცევა, რითაც ისინი თამარ ჟვანიას მიმართ გამოირჩეოდნენ. ამისთვის ის იმსახურებს თანადგომას, არა ჩვენი მხრიდან, პოლიტიკური პარტიების მხრიდან, არამედ თითოეული მოქალაქის მხრიდან, ვის ინტერესშიც არის ხმების სათანადოდ დაცვა“, – განაცხადა კობახიძემ.