ირაკლი კობახიძე - სუვერენიტეტს თუ დაკარგავ, შეუძლებელია, სათანადოდ იზრუნო შენი ეროვნული ამოცანების მიღწევაზე
სუვერენიტეტს თუ დაკარგავ, შეუძლებელია, სათანადოდ იზრუნო შენი ეროვნული ამოცანების მიღწევაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების წამყვანებთან შეხვედრისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, არსებობს გამოწვევები, თუმცა საქართველოს შეუძლია, დაიცვას სუვერენიტეტი და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტიც სწორედ ამას ემსახურება.
„ქვეყანას აქვს უამრავი გამოწვევა და აბსოლუტურად გასაგებია ის, რომ ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა მცირე მოსახლეობით – 3,7 მილიონი, ეკონომიკაც ჯერ კიდევ არის სუსტი, ერთ სულ მოსახლეზე არის დაახლოებით 8 200 დოლარი, ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, გამოწვევები არის სერიოზული. თუმცა მინდა, შეგახსენოთ, რომ ამ ვითარებაში არის ჩვენი ქვეყანა უკვე სამი ათასი წელია და ჩვენი ქვეყანა მუდმივად იყო იმპერიების გადაკვეთაზე, გზაჯვარედინზე, თუმცა, საბოლოო ჯამში, საქართველო ყოველთვის ახერხებდა სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. რა თქმა უნდა, დღევანდელი გამოწვევები არ არის იმაზე ბევრად ნაკლები, ვიდრე გვქონდა ყველაზე რთულ პერიოდებში, მაგრამ მგონია, რომ ჩვენ შეგვიძლია, მტკიცედ დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი და ეს კანონიც სწორედ ამას ემსახურება. სუვერენიტეტს თუ დაკარგავ, შეუძლებელია, სათანადოდ იზრუნო შენი ეროვნული ამოცანების მიღწევაზე. ეკონომიკის სტრუქტურა ცალკე საკითხია. აქაც არის გამოწვევები, მაგრამ მთლიანობაში მნიშვნელოვანია ის, რომ ეკონომიკა იზრდება, ბოლო სამ წელიწადში ნომინალური ეკონომიკა დოლარში დაახლოებით გაორმაგდა და წელსაც გვაქვს ზრდის კარგი ტემპი, 7,8%-ია ეკონომიკური ზრდა პირველი კვარტლის მონაცემებით. რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდა ხელს შეუწყობს ჩვენი საგარეო-პოლიტიკური პოზიციების გაძლიერებასაც. მთლიანობაში, ვფიქრობ, შეგვიძლია, ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვაზე. რა თქმა უნდა, არის სერიოზული სირთულეები, გამოწვევები, მაგრამ ჩვენი სუვერენიტეტის განმტკიცება არის აბსოლუტურად შესაძლებელი“, – განაცხადა პრემიერმა.